Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი მოულოდნელი ვიზიტით ირანს ესტუმრა


ბაშარ ასადი და აიათოლა ალი ხამენეი

ირანში თავისი მოულოდნელი ვიზიტის დროს, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი 8 მაისს ირანის უზენაეს სასულიერო ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა. ეს არის ბაშარ ასადის პირველი ვიზიტი 11 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც სირიაში სამოქალაქო ომმა იფეთქა. ომის პირველივე დღეებიდან ირანის ისლამური რესპუბლიკა, რუსეთთან ერთად, სირიის რეჟიმის მტკიცე მოკავშირეა და მხარს უჭერს ასადის ძალაუფლების განმტკიცებას.

ირანის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასადი და ხამენეი ერთმანეთს ხელს ართმევენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ასევე ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი. ირანული მედიის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის "მყარ ურთიერთობებს" და მათი განმტკიცების პირობა დადეს.

ალი ხამენეიმ ასადთან საუბარში ხაზი გაუსვა სირიის დიდ მნიშვნელობას და მისდამი გაზრდილ ნდობას.
"სირიაში ახლა უფრო დიდ ძალას ხედავენ, ვიდრე ადრე. ურთიერთობა ჩვენ ორ ქვეყანას შორის სასიცოცხლოდ აუცილებელია და ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი შესუსტება, არამედ უნდა გავაძლიეროთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია", - უთქვამს აიათოლა ალი ხამენეის სირიის პრეზიდენტისთვის.
სირიის პრეზიდენტმა თეირანისა და დამასკის ურთიერთობას "ახლო აღმოსავლეთში ისრაელის გავლენის წინააღმდეგ მიმართული ბურჯი უწოდა."

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სანას" ცნობით, ასადმა მაღალი შეფასება მისცა ირანის დახმარებას "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში".

ირანმა ათასობით მებრძოლი გაგზავნა სირიაში ასადის დასახმარებლად სამოქალაქო ომში, რომლის გამოც სირია მილიონობით ადამიანმა დატოვა.

ბაშარ ასადი ქვეყანას იშვიათად ტოვებს მას შემდეგ, რაც 11 წლის წინ, მისი მომხრე სამხედრო ძალების მხრიდან საპროტესტო აქციის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანაში სამოქალაქო ომმა იფეთქა. მაგრამ, ცოტა ხნის წინ, ასადი გაერთიანებულ არაბთა საამიროს ეწვია, სადაც მან გვარიანად დასუსტებული ეკონომიკისთვის ფინანსური დახმარების პირობა მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG