Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა უკრაინაზე თავდასხმას უწოდა "ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება"


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვის წითელ მოედანზე. 2022 წლის 9 მაისი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვის წითელ მოედანზე. 2022 წლის 9 მაისი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სამშობლოს დაცვის“ და "პატრიოტიზმის" მაგალითების მოკლე ექსკურსით დაიწყო მოსკოვის წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის მონაწილეთა წინაშე გამოსვლა და ომის ვეტერანებს მიულოცა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების დღე, 9 მაისი.

„ამ დღეებშიც თქვენც იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში და ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, - მიმართა პუტინმა აღლუმის მონაწილე, რუსეთის არმიის სამხედროებს.

პრეზიდენტმა პუტინმა ისევ ილაპარაკა, თუ როგორ შესთავაზეს დასავლეთს შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და როგორ მოუწოდებდნენ "გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ", თუმცა, „ნატოს ქვეყნებმა არ ისურვეს რუსეთის მოსმენა“, რადგან სინამდვილეში სხვა გეგმები ჰქონდათ. უკრაინის მიერ არაერთხელ უარყოფის მიუხედავად, პუტინმა ისევ ახსენა უკრაინის მიერ დაგეგმილი „სადამსჯელო ოპერაცია დონბასში“ და თქვა, რომ მზადდებოდა შეჭრა რუსეთის „ისტორიულ მიწებზე, ყირიმის ჩათვლით“.

„ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა ნეონაცისტებთან, ბანდერელებთან, რომლებზეც ფსონს დებდნენ აშშ და მისი უმცროსი კომპანიონები“, - განაცხადა პუტინმა. მან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს უწოდა „აგრესიის წინსწრებით მოგერიება“, რაც პუტინის განცხადებით, იყო „იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, რომელიც მიიღო „სუვერენულმა, ძლიერმა და დამოუკიდებელმა ქვეყანამ“.

პუტინმა მოსკოვის წითელი მოედნიდან მიმართა "დონბასის ლაშქარს" და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომ ისინი იბრძვიან „სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის, იმისთვის, რომ მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები არავის დაავიწყდეს და მსოფლიოში აღარ იყოს ჯალათების და ნაცისტების ადგილი“.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობდა 11 ათასამდე სამხედრო. მოსკოვის წითელ მოედანზე გაატარეს ტანკებიც. კრემლის პრესმდივანმა, პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო აღლუმის "საჰაერო ნაწილი არ ჩატარდება ამინდის გამო".

პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

XS
SM
MD
LG