რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს, წითელი საღებავი შეასხეს ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის გვირგვინით შემკობის მცდელობისას. ინფორმაციას რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ საღებავის შესხმამდე, აქტივისტებმა დიპლომატს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. ინციდენტის გამო ანდრეევს ტერიტორიის დატოვება მოუხდა პოლიციელების თანხლებით. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ არ დაშავებულა.
"რია ნოვოსტის" ცნობით, უცნობმა პირებმა მემორიალზე უცენზურო წარწერებიც გააკეთეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ „ნეონაციზმის თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ გაიშიშვლეს სახე - და ის სისხლიანია“.
„მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლების ნგრევა, საფლავების შეურაცხყოფა და ახლა კი, ყოველი ღირსეული ადამიანის წმინდა დღეს, ყვავილებით შემკობის ცერემონიის ჩაშლა ამტკიცებს აქამდეც ისედაც ცხადს - დასავლეთში ფაშიზმის რეინკარნაციის კურსი აიღეს“, - დაწერა ზახაროვამ.
რუსეთის დიპლომატიური მისია ვარშავაში „გამარჯვების დღეს" "უკვდავი პოლკის" მარშის ჩატარებასაც აპირებდა, თუმცა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ღონისძიება არარეკომენდებულად მიიჩნია, მისი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციასთან კავშირის საფუძვლით.
ვარშავაში განაცხადეს, რომ მარში ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონებს. მოსკოვი მსგავს პოზიციას აბსურდულად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
დაწერეთ კომენტარი