Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 მილიონი მსხვერპლი უკრაინიდან - ვის ზურგზე გადაიარა მეორე მსოფლიო ომმა?


გერმანელი ჯარისკაცი კიევში, 1941 წლის სექტემბერი
გერმანელი ჯარისკაცი კიევში, 1941 წლის სექტემბერი

რა დაუჯდა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა უკრაინას, რომელიც ნაცისტური გერმანიის თავდასხმის შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა?

ეს ფაქტი ახლა ზოგადი აბრევიატურის (სსრკ) უკან იმალება... უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც სისხლისმღვრელი ომები მიმდინარეობდა, ახლა იძულებულია ისევ მოიგერიოს თავდასხმა, ოღონდ უკვე მათი შთამომავლების, ვის გვერდითაც ადრე იმისთვის იბრძოდა, რომ ევროპაში ომი აღარასდროს ყოფილიყო“, - წერს ალექსანდრა ვაგნერი, რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი.

უკრაინაში მეორე მსოფლიო ომი 1941 წლამდე დაიწყო. 1939 წელს, როდესაც გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, საბჭოთა კავშირმა კი დასავლეთი უკრაინა და დასავლეთი ბელორუსია შეიერთა.

საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი დავით ხვადაგიანი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომამდე საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად იმავე ბანაკში იყო, რომელშიც ნაცისტური გერმანია.

„90-იან წლებში, როდესაც არქივები გაიხსნა, რუს პროპაგანდისტებსაც მოუწიათ იმის აღიარება, რომ საბჭოთა რეჟიმი და ნაცისტური გერმანია ერთად დაესხნენ თავს პოლონეთს. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც გერმანიამ ყოფილი მოკავშირის განადგურება გადაწყვიტა და უკვე საბჭოთა კავშირს შეუტია, სსრკ, ბედის ირონიით, ცივილიზებული სამყაროს მხარეს აღმოჩნდა“.

ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცები, უკრაინა, 1941 წელი
ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცები, უკრაინა, 1941 წელი

კიდევ ერთი მითი - „საბჭოთა კავშირი მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელსაც გერმანია თავს უცაბედად დაესხა“. დავით ხვადაგიანი ამბობს, რომ საბჭოთა რეჟიმი ორი ათწლეული მიზანმიმიმართულად ავითარებდა სამხედრო ინფრასტრუქტურასა და მძიმე მრეწველობას უკრაინა-ბელარუსის ტერიტორიაზე. თუ საბჭოთა კავშირი ომს დაიწყებდა, ამ ინფრასტრუქტურას ზურგი უნდა გაემაგრებინა.

მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, ძირითადად უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიაზე იყო განლაგებული, ამიტომაც ვერმახტის (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალები) ნაწილებმა პირველი და ძირითადი დარტყმა სწორედ უკრაინისა და ბელარუსის ქალაქებზე მიიტანეს. მათი დაბომბვა დაიწყეს“.

ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩენილმა უკრაინამ ერთდროულად გამოცადა ნაცისტური ოკუპაცია, საბჭოთა დივერსიები და ეთნიკური წმენდა.

ამასთან, უკრაინაში უკვე არსებობდა უკრაინის ეროვნული ძალები - ბანდერელები. უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ათობით ათას ადამაინს აერთიანებდა, პარტიზანულად ებრძოდა როგორც გერმანელ, ასევე საბჭოთა ოკუპანტებს. ეს ბრძოლა ომის შემდეგ, 50-იან წლებამდე გაგრძელდა.

ნაცისტური გერმანიის სამიზნე იყო უკრაინის მოსახლეობის ებრაული ნაწილიც. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში მასობრივი ჟლეტის მსხვერპლთა რაოდენობა ერთეულებიდან ათასებამდეა. განსაკუთრებით ცნობილია ბაბი იარი, ხეობა, სადაც 34 ათასი უკრაინელი ებრაელი დახვრიტეს.

  • 1941 წელს 23 600 ადგილობრივი და უნგრელი ებრაელი დახოცეს ქალაქ კამენეც-პოდოლსკში;
  • 15 ათასი ებრაელი მოკლეს ქალაქ ვინიცაში, მათ შორის იყო საერთო საფლავის კიდეზე ჩამომჯდარი კაცი - „უკანასკნელი ებრაელი ვინიცაში“, რომლის გარდაუვალი სიკვდილი ფოტოზეა ასახული;
  • 8 ათასი ადამიანი მოკლეს ქალაქ ხმელნიცკთან;
  • 7 ათასი - პროსკუროვში;
  • 80 ე.წ. ბოშა დახოცეს სოფელ დივოშინში, სოფელ კალინოვკის მიდამოებში კი - 32.
ბაბი იარი, 1944 წელი
ბაბი იარი, 1944 წელი

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომმა მე-20 საუკუნე განსაზღვრა, ბევრი რამ დღემდე დაუზუსტებელია, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობაც. პოლიტოლოგი იური შაპოვალი BBC-სთან ჰყვება, თუ როგორ იცვლებოდა სტატისტიკა წლების განმავლობაში. სტალინის ეპოქაში მიიჩნეოდა, რომ საბჭოთა კავშირიდან ომში დაიღუპა 7 მილიონი ადამიანი, ხრუშჩოვის ეპოქაში - 20 მილიონი, გორბაჩოვის - 27 მილიონი, ელცინის ეპოქაში - 26 მილიონ 600 ათასი.

მკვლევარი ალექსანდრ შაპოვალი ვარაუდობს, რომ უკრაინამ მეორე მსოფლიო ომში 14 მილიონამდე ადამიანი დაკარგა, მათ შორის, როგორც ომისა და საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცილები, ასევე გერმანელებთან ერთად ევაკუირებულებიც.

საბჭოთა პარტიზანული ჯგუფები გერმანელების წინააღმდეგ დივერსიებს აწყობდნენ, რის გამოც გერმანელებმა მოსახლეობიდან უამრავი ადამიანი დახოცეს იმის გამო, რომ ვერ ადგენდნენ, ვინ იყვნენ მათი მოკავშირეები. ამ მხრივაც უკრაინამ ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა.

კიდევ ერთი, რამაც უკრაინელების საბჭოთა რეჟიმის სიძულვილი გამოიწვია, იყო ჰოლოდომორი. 30-იან წლებში ხორბლის მთელი მარაგი ამოიღეს მოსახლეობიდან და ხალხს ამით გენოციდი მოუწყვეს“, - ამბობს დავით ხვადაგიანი.

დემოგრაფიის მეცნიერთა ექსპერტიზაზე დაყრდნობით, უკრაინა აცხადებს, რომ 1932-33 წლებში „ჰოლოდომორმა“ 4 მილიონი ადამიანი შეიწირა.

ჰოლოდომორი უკრაინაში
ჰოლოდომორი უკრაინაში

„ეს მსხვერპლი ტოლფარდია იმისა, რაც უკრაინამ მეორე მსოფლიო ომში გაიღო. როგორ შეიძლება ეცადო მთელი ხალხის განადგურებას? რატომ და რისთვის? ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და ამას ჩვენ ვერასოდეს ვაპატიებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წელს „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, რომელიც უკრაინაში ყოველი ნოემბრის მეოთხე შაბათს აღინიშნება.

მეორე მსოფლიო ომში გამოვლილი ამბების გამო, საბჭოთა კავშირის 13 გმირი ქალაქიდან ოთხი უკრაინულია: კიევი, ოდესა, სევასტოპოლი და ქერჩი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG