Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი: მარცვლეულით სავსე კონტეინერთა ექსპორტი იბლოკება რუსეთის მიერ ოდესაზე იერიშის ფონზე


შარლ მიშელი ოდესის პორტში
შარლ მიშელი ოდესის პორტში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ოდესიდან იბლოკება მარცვლეულით სავსე კონტეინერების ექსპორტი, იმ ფონზე, როცა რუსეთი იერიშებს აწარმოებს უკრაინის ამ საპორტო ქალაქზე.

9 მაისს, ოდესაში ვიზიტის დროს, მიშელმა თქვა, რომ ბურღულის, ხორბლის და სიმინდის კონტეინერები საექსპორტოდ მზადაა, რაც "გლობალურ რეაგირებას" მოითხოვს.

"ეს ძალიან საჭირო საკვები გაჩერებულია, რუსეთის ომის და შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო. ეს დრამატულ შედეგებს იწვევს [ეკონომიკურად] სუსტი ქვეყნებისთვის", - წერს მიშელი ტვიტერზე.

2 მაისს უკრაინამ დროებით დახურა ოთხი პორტი მანამ, სანამ ქვეყანა მათზე კონტროლს აღადგენს.

გაერო და სხვა ორგანიზაციები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მარცვლეულის მნიშვნელოვანი ექსპორტიორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა შესაძლოა მოიტანოს საკვების მძიმე კრიზისი, რომელიც შეეხება ევროპას, აზიას და აფრიკას.

ოდესაში ვიზიტის დროს მიშელი შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს. შეხვედრაზე ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მარცვლეულს აწვდის პლანეტის 400 მილიონამდე მოსახლეს.

"მნიშვნელოვანია, მსოფლიოში აღიკვეთოს საკვების კრიზისი, რომელსაც რუსეთის აგრესიული ქმედებები იწვევს", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა: "დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო უკრაინის პორტების გასახსნელად, მარცვლეულის ექსპორტისთვის".

XS
SM
MD
LG