Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

95%-ზე ბევრად ნაკლები - საქართველოში ქვიარების მიუღებლობა მცირდება


ქვიარ აქტივისტების აქცია პარლამენტის წინ. 2021 წლის 6 ივლისი.
ქვიარ აქტივისტების აქცია პარლამენტის წინ. 2021 წლის 6 ივლისი.

ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობა უფრო შემწყნარებელი გახდა ლგბტ ადამიანების მიმართ. ამისდა მიუხედავად, ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ქვიარები ითხოვენ პრივილიგიებს და არა უფლებების დაცვას. თითქმის 75% უარს ეუბნება მათ ოჯახის შექმნის უფლებაზე.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 53% ამბობს, რომ გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს კანონით უნდა აეკრძალოთ შეკრება და საკუთარი აზრის გამოხატვა. ასეთი შედეგი მიიღეს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მკვლევრებმა.

მაგრამ, მათივე თქმით, ეს პროგრესია. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გენდერის მკვლევარი ეკა აღდგომელაშვილი ჰყვება, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ქვიარების მიმართ 6 წლის წინაც გაზომა. მაშინ მსგავსი პასუხი რესპონდენტების 78%-მა დაუბრუნა.

ახალგაზრდები შეიცვალნენ

„ძალიან გვიყვარს იმის თქმა, როგორი ჩამორჩენილი საზოგადოება ვართ, მაგრამ იცვლება ეს საზოგადოება და მისი დამოკიდებულებებიც”, - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

კვლევის მიზანი იყო, გაეზომა ადამიანების დამოკიდებულება თემის წევრების და მათი უფლებების მიმართ. სულ გამოიკითხა 1600 ადამიანი. ყოველ მეხუთე გამოკითხულს მიაჩნია, რომ თემის უფლებები სათანადოდ არ არის დაცული.

2016 წელთან შედარებით, ოდნავ უფრო მეტი პასუხობს, რომ ლგბტქ თემი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადია.

წყარო: WISG
წყარო: WISG

ყველაზე რადიკალურები რესპონდენტები არიან ქორწინებისა და შვილად აყვანის საკითხში.

წყარო: WISG
წყარო: WISG

განსაკუთრებით შემცირდა ტრანსგენდერი ადამიანების მიუღებლობა. აი, ბისექსუალების მიმართ დამოკიდებულება კი თითქმის უცვლელია. კვლევის ავტორების აზრით, მოსახლეობის უმრავლესობას ჯერაც უჭირს ქვიარების პრობლემების დანახვა და მათი გულთან ახლოს მიტანა.

წყარო: WISG
წყარო: WISG

სხვებთან შედარებით, უფრო შემწყნარებლები არიან ქალები და თბილისელები. მაგრამ ყველაზე საგრძნობლად შეიცვალა დამოკიდებულებები 18-24 წლამდე ახალგაზრდებს შორის.

„2000-იანების თაობა არის სრულიად განსხვავებული ჯგუფი. გნებავთ ღირებულებითი, გნებავთ ცოდნის თვალსაზრისით… თავს უფრო გლობალური სამყაროს ნაწილად აღიქვამს და არ არის ასეთი "ჩაბღაუჭებული" ტრადიციებზე”, - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

მისი აზრით, შედეგი გამოიღო თემის ადვოკატირებამ და არაფორმალურმა განათლებამ - სექსუალობის შესახებ ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

პატარა წინსვლა, დიდი პრობლემები

2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონით, დასჯადი გახდა ადამიანების დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნით. ეკლესიის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დოკუმენტში სექსუალური ორიენტაციაც ჩაიწერა და სახელმწიფომ აიღო ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციისგან დაცვის ვალდებულება.

„ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი, რომელიც 6 მაისს კვლევის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქვიარები ჯერაც არ არიან სათანადოდ დაცულები ძალადობისგან, პროკურატურას და შსს-ს თანამშრომლებს კი ჯერაც არ აქვთ სათანადო მგრძნობელობა სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მიმართ.

სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე გაცილებით მასშტაბურ პრობლემებზე მიუთითებს.

„სახელმწიფო პოლიტიკა არათანმიმდევრულია და ვერ პასუხობს ჯგუფის გამოწვევებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ლგბტ ადამიანები და მათი დამცველები წლებია ვერ ახერხებენ საჯაროდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრება”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ხშირად მოძალადეებს ახალისებს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები.

ჰომოფობია გამორჩენის მიზნით

2021 წლის 5 ივლისს სახელმწიფომ ვერ დაიცვა ქვიარ აქტივისტების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. რუსთაველის გამზირზე სიძულვილის ჯგუფებმა მათი მსვლელობა ჩაშალეს და გალახეს 55 ჟურნალისტი.

დილით ადრე, სანამ ძალადობრივი ჯგუფები დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩას დაიკავებდნენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანები არ იდევნებიან საკუთარი ორიენტაციის გამო და, შესაბამისად, ღირსების მარშის გამართვა საჭირო არაა.

1 კვირის თავზე კი მოუწოდა ქვიარ თემს, უმრავლესობის აზრს დამორჩილებოდა.

„როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95 % არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ”.

მას შემდეგ ათ თვეზე მეტი გავიდა. სახელმწიფომ დააკავა მოძალადეები, მაგრამ არა ძალადობის ორგანიზატორები.

ეკა აღდგომელაშვილი
ეკა აღდგომელაშვილი

თემის საწინააღმდეგო, ან სულაც ჰომოფობიური განცხადებები დღემდე არის პოლიტიკური დივიდენდების მომტანი, - წუხს ეკა აღდგომელაშვილი და ამბობს, რომ ქვეყნის კანონმდებლობამ საგრძნობლად „გადაასწრო” საზოგადოების ცნობიერებას.

იგი იხსენებს 2013 წლის 17 მაისსაც, მაგრამ ამასთანავე „ანტილგბტ გამოსვლებს აქვს უფრო დიდი ხნის ისტორია, ვიდრე თემის წევრობის მცდელობას, მოაწყონ ქუჩაში მსვლელობა“.

საუკუნის დასაწყისში ქართულ მედიაში პერიოდულად ჩნდებოდა ყალბი ამბები მოსალოდნელი „გეი აღლუმების” შესახებ. 2010 წლის 26 აგვისტოს ბათუმში რამდენიმე ათასი ადამიანიც კი შეიკრიბა არარსებული აღლუმის შესაჩერებლად.

მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა, ჰომოფობია დღემდე გემრიელი ლუკმაა პოპულისტებისთვის და ანტიდასავლური ძალებისთვის - მიაჩნია მკვლევარს.

მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ის ხედავს კიდევ ერთ კანონზომიერებას - ჰომოფობიური განწყობების გამოხატვა უფრო და უფრო უხერხული ხდება.

“ჟარგონზე რომ ვთქვათ, ჰომოფობობა დღეს უფრო ტეხავს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები გათავისუფლდნენ წინარწმენებისგან, მაგრამ რაღაცა სივრცეებში ეს კარგ ტონად აღარ ითვლება” - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ეკა აღდგომელაშვილი სოციალური მეცნიერებების დოქტორია. ასევე შეცდომით ეწერა სახალხო დამცველის მოადგილის გვარი.
მასალა განახლდა 2022 წლის 12 მაისს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG