Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარმა „აზოვსტალზე“ იერიში გააძლიერა


"აზოვსტალის" საერთო ხედი, რომელზეც მოჩანს აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე. 8 მაისი, 2022 წელი
"აზოვსტალის" საერთო ხედი, რომელზეც მოჩანს აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე. 8 მაისი, 2022 წელი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს იერიში მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანაზე, „აზოვსტალზე" სადაც კვლავ იმყოფებიან უკრაინელი მეომრები, რომელთა შორის ბევრია დაჭრილი და ასევე, ასამდე სამოქალაქო პირი.

ამასთან რაკეტები მოხვდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სანავსადგურო ქალაქს, ოდესას.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ირინა ვერეშჩუკმა 10 მაისს განაცხადა, რომ ათასზე მეტი უკრაინელი მეომარი რჩება „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელიც წინააღმდეგობის ბოლო კერაა თითქმის სამთვიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, რამაც სრულიად გაანადგურა ქალაქი.

„არის ასეულობით დაჭრილი. ბევრი მძიმედ არის დაჭრილი, მათ სჭირდებათ სასწრაფო ევაკუაცია. ვითარება ყოველდღიურად უარესდება“, - უთხრა ვერეშჩუკმა AFP-ს.

მართალია, იმ პირების უმეტესობა, ვინც არ არის ჩართული ბრძოლებში, გაყვანილია „აზოვსტალიდან,“ სულ მცირე, 100-მდე სამოქალაქო პირი იქ რჩება - განაცხადა ქალაქის მერის თანაშემწემ. სამოქალაქო პირების იქ ყოფნა არ ამცირებს ოკუპანტების მხრიდან თავდასხმებს - თქვა პეტრო ანდრიუშენკოს თანაშემწემ Telegram-ით.

რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა მარიუპოლის ოკუპაცია, რაც უკრაინას წაართმევდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ნავსადგურს და რუსეთს სახმელეთო დერეფანს მისცემდა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ და ასევე, გამოათავისუფლებდა ჯარის ნაწილებს სხვა ადგილებზე საბრძოლველად.

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა ოდესაზე რუსი სამხედროების მიერ 9 მაისს, საღამოს განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, ქალაქს ესროლეს ძველი, საბჭოთა პერიოდის 7 რაკეტა, რომლებიც მოხვდა სავაჭრო ცენტრს და საქონლის საწყობს. ოდესაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 9 მაისს, დღის პირველ ნახევარშიც. ამ დროს ქალაქში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც ოდესაში „ევროპის დღის“ გამო ჩავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG