Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წმინდა გიორგის ბაფთებით“ გაყოფილი მოლდოვა


სოციალისტური პარტიის წევრებმა და მომხრეებმა კიშინიოვში მსვლელობით აღნიშნეს გამარჯვების დღე.
სოციალისტური პარტიის წევრებმა და მომხრეებმა კიშინიოვში მსვლელობით აღნიშნეს გამარჯვების დღე.

კანონით გათვალისწინებული სოლიდური ფულადი ჯარიმის მიუხედავად, მოლდოვის პრორუსულმა ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა 9 მაისის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მსვლელობის დროს კვლავ აკრძალული სიმბოლიკა - „წმინდა გიორგის ბაფთები“ - გამოიყენეს.

პოლიციას დემონსტრანტებისათვის ხელი არ შეუშლია, მხოლოდ დაადასტურა სამართალდარღვევა და, პროცედურის თანახმად, შესაბამის მტკიცებულებებს გაუგზავნის პროკურატურას, რომელმაც თავის მხრივ იმუნიტეტის მქონე დეპუტატების დაჯარიმებისთვის პარლამენტის ხელმძღვანელობას უნდა მიმართოს.

მოლდოვის კანონმდებლობით, აკრძალული „წმინდა გიორგის ბაფთის“ („გეორგიევსკის ლენტის“) ტარებისთვის განკუთვნილი ჯარიმა უბრალო მოქალაქეების შემთხვევაში 4500-დან 9000 მოლდოვურ ლეის უდრის, პასუხისმგებელი პირებისა და თანამდებობის პირების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

გამარჯვების დღე კიშინიოვში.
გამარჯვების დღე კიშინიოვში.

„მე ეს წმინდა გიორგის ბაფთა გავიკეთე იმიტომ, რომ პატივი მივაგო ჩვენი წინაპრების ხსოვნას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ. მე ასე გეტყვით, ეს ბაფთა 17 წლის წინ გაჩნდა, უკრაინის მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე და მას არანაირი კავშირი არ აქვს არც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან, არც ერაყის ომთან და არც იუგოსლავიის საავიაციო დაბომბვასთან. ახლა კი ამისთვის ფულადი ჯარიმები 450 ევროდან 900 ევრომდე იზრდება და ეს ევროპის ყველაზე ღარიბ, ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში, სადაც მინიმალური პენსიის მოცულობა 100 ევროზე ნაკლებია, ხოლო საშუალო ხელფასი ამ ჯარიმაზე ორჯერ ნაკლებია“, - აცხადებს მოლდოვის პარლამენტის ოპოზიციური პარტია „სოციალისტების“ წევრი ბოჰდან ცირდია, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც 9 მაისს მოლდოვის ცენტრში, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან წმინდა გიორგის ბაფთით მივიდა.

„მე არც ჯვარზე ვიტყვი უარს და არც წმინდა გიორგის ბაფთაზე“

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული სანქციების თაობაზე მოქალაქეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი, 100-ზე მეტმა ადამიანმა კანონის მოთხოვნა უგულებელყო და 9 მაისის აღსანიშნავად რუსეთის აგრესიის სიმბოლოთი - „წმინდა გიორგის ბაფთებით“ გავიდა მოლდოვის დედაქალაქის ქუჩებში. სახალხო მსვლელობას წინ მიუძღოდა მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, პრორუსული ძალების ლიდერად მიჩნეული იგორ დოდონი, რომელსაც მხარს პარლამენტის ათამდე ოპოზიციონერი დეპუტატიც უმშვენებდა.

ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, პროევროპულ მაია სანდუს პოლიტიკური ოპონენტების ასეთ უკანონო ქმედებაზე რეაგირება არ მოუხდენია. ხელისუფლების საერთო პოზიცია პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ გამოხატა და კიდევ ერთხელ გააფრთხილა თავისი კოლეგები იმ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე, რაც მათ კანონით აკრძალული სიმბოლიკის გამოყენების შემთხვევაში დაეკისრებოდათ.

„ამ საკითხზე ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია 9 მაისის საღამოს მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა გამოაცხადა. მან თქვა, რომ ყველა, ვინც დაარღვევს კანონს და დემონსტრაციის დროს სამხედრო აგრესიის სიმბოლოს „წმინდა გიორგის ბაფთას“ დაიმაგრებს მკერდზე, პასუხისგებაში მიეცემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლის მიხედვით. ეს კერძოდ ეხებათ ასევე იმ დეპუტატებს და სხვა თანამდებობის პირებს, რომელთა მიერ ამ ბაფთების ტარება პოლიციის მიერ უკვე დადასტურდა. მთლიანად, თუ არ მეშლება, ლაპარაკი იყო პოლიციის მიერ დადასტურებულ 100 ფაქტზე“, - უთხრა პოლიტოლოგმა ალესანდრუ ფლენკემ, რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

მაგრამ 9 მაისს წმინდა გიორგის ბაფთებით ქუჩაში გამოსული მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ არანაირი კანონი არ დაურღვევიათ და, შესაბამისად, არც ჯარიმის გადახდას აპირებენ.

„ჯარიმა არ იქნება და არც არაფერი არ იქნება. უბრალოდ, მაპატიეთ, მაგრამ ამ ჯარიმას ფურთხთან ერთად დავუბრუნებთ ხელისუფლებას, რომელიც, იმის მაგივრად, რომ გააერთიანოს, ყოფს ადამიანებს“, - უთხრა კიშინიოვის ერთ-ერთმა მოქალაქემ რადიო თავისუფლებას.

9 მაისი კიშინიოვში
9 მაისი კიშინიოვში

მოლდოვის პოლიცია მხოლოდ თვალს ადევნებდა 9 მაისის მსვლელობას და არ უცდია უზრუნველეყო კანონის აღსრულება იმ სამართალდარღვევისთვის, რომელიც წმინდა გიორგის ბაფთის ტარებისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს - ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. მაგრამ პოლიციამ ყველა კანონდამრღვევი დააფიქსირა და მოქალაქეებს სახლში გაუგზავნის საჯარიმო ქვითარს, ხოლო პარლამენტარების შემთხვევაში საქმეებს გადაუგზავნის გენერალურ პროკურატურას, რომელმაც შუამდგომლობით პარლამენტის ხელმძღვანელობას უნდა მიმართოს.

„მაშინაც კი, როცა საქმე არ ეხება მძიმე დანაშაულს, ხელშეუხებლობის მოხსნის გარეშე დეპუტატების მიმართ ვერ იქნება გამოყენებული თუნდაც ადმინისტრაციული სანქციის ზომა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის იურისტმა, ოლეგ პანტიამ.

ხელშეუხებლობის მოხსნის შემდეგაც, რასაც კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი, სანქციის გამოყენების გადაწყვეტილების მისაღებად გენერალურმა პროკურატურამ საქმე უკან შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაუბრუნოს.

მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც დეპუტატი არ არის ვალდებული, ავტომატურად გადაიხადოს ჯარიმა, ან შეასრულოს საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაო, არამედ შეუძლია გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

ამასვე აპირებს ოპოზიციური ფრაქცია „სოციალისტების“ წევრი, მოლდოველი პარლამენტარი ბოჰდან ცირდია. იგი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს და არც მომავალში იტყვის უარს წმინდა გიორგის აკრძალული ბაფთის ტარებაზე.

„იმიტომ, რომ თუ დღეს აგვიკრძალავენ წმინდა გიორგის ბაფთას, ხვალ აგვიკრძალავენ ქრისტიანულ ჯვარს და გვეტყვიან, რომ არ გვინდა ეს ჯვარი, რადგან ჯვაროსნები ქრისტეს სახელით ხოცავდნენ მილიონობით ადამიანს ახლო აღმოსავლეთში, ზოგიერთი კი - ლათინურ ამერიკაში. მაგრამ მე არც ჯვარზე ვიტყვი უარს, არც წმინდა გიორგის ბაფთაზე და არც არაფერ იმაზე, რაც ჩემთვის ფასეული და ძვირფასია“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბოჰდან ცირდიამ, რომელიც სხვა 9 დეპუტატსა და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონთან ერთად წმინდა გიორგის სადავო ბაფთით მკერდდამშვენებული მონაწილეობდა 9 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში.

რა/ვინ ემუქრება მოლდოვის სტაბილურობას?

იგორ დოდონი, რომელიც 2020 წლის 19 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა პროევროპული პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერმა მაია სანდუმ, ამჟამად ჩამოშორებულია აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ კულისებიდან კვლავ მართავს პრორუსულ ძალებს, რომლებიც შარშან, 2021 წლის ივლისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში შეეცადნენ რევანშის აღებას, მაგრამ კვლავ მწარედ დამარცხდნენ სანდუს მემარჯვენე-ცენტრისტულ (PAS) პარტიასთან.

ამჟამად პროევროპული ძალების ტრიო სანდუ-გავრილიცა-გროსუს სახით აკონტროლებს ქვეყნის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და, როგორც პოლიტოლოგი ალესანდრუ ფლენკე ვარაუდობს, მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა, მემარჯვენე პროევროპული ძალებისგან დაკომპლექტებულ სახელისუფლებო ვერტიკალს 2025 წლამდე, ანუ მომდევნო არჩევნებამდე, საკმაო დრო აქვს თავისი პროგრამის განხორციელებისთვის.

„პოლიტიკური სპექტრის ცენტრში და მის მარჯვენა ფლანგზე მმართველი პარტიისათვის ალტერნატივა არ არსებობს და ეს ფაქტორიც, ერთი მხრივ, უდავოდ მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან არ გამოიწვევს იმ ხმების გაყოფას, რომლებიც პოტენციურად მას უჭერენ მხარს. მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოა ალტერნატივის გარეშე დარჩეს და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს იმ ამომრჩეველმა, რომელიც არ არის კმაყოფილი ან სამი წლის შემდეგ არ იქნება კმაყოფილი მმართველი პარტიის მიერ ნაჩვენები შედეგებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს პრორუსულ ძალებს. ეს კი საფრთხის ქვეშ დააყენებს არჩევნებზე ამომრჩეველთა გამოცხადებას“, - ამბობს ალესანდრუ ფლენკე.

უკრაინის მეზობლად მყოფი მოლდოვის სტაბილურობისთვის, ცხადია, დამატებითი საფრთხეა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.

საყურადღებოა აღინიშნოს, რომ მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა მე-14 არმიის სამხედრო ბაზა და მის დასაცავად გადასროლილი რუსეთის კონტინგენტი უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, როდესაც დასავლეთის მედია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩაფიქრებულ სამხედრო ინტერვენციაზე ალაპარაკდა, უკრაინის გენერალური შტაბის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ რომანენკომ რუსული ჯარების სავარაუდო შემოჭრის ერთ-ერთ მიმართულებად სწორედ მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი დაასახელა.

შესაბამისად, კვლავ მაღალია იმის ალბათობა, რომ სამხედრო აგრესიის გარკვეულ ეტაპზე მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ მადესტაბილიზებელ ქმედებაში შესაძლოა ჩააბას არა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ძალა, არამედ ე.წ. დნესტრისპირეთის არმიაც, რომელშიც დაახლოებით 4000-დან 7500-მდე ჯარისკაცი შედის.

ამ საფრთხემ კიშინიოვი სერიოზულად დააფიქრა მას შემდეგ, რაც 25-26 აპრილს დნესტრისპირეთის „რესპუბლიკის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული შეტევის სამი ფაქტი მოხდა“.

დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სასწრაფოდ მოიწვია უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა და ქვეყანაში მომეტებული უსაფრთხოების ზომების შემოღება გამოაცხადა.

მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვის მომხრე სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო თავდასხმა არის დაძაბულობის ესკალაციის მცდელობა. ამაში მან ბრალი დასდო „ომის მომხრე ფრთას“ დნესტრისპირეთის ხელმძღვანელობაში.

25 აპრილს მომხდარ აფეთქებებში დნესტრისპირეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში დაადანაშაულეს უკრაინიდან გადმოსული პირები, რომლებმაც ინციდენტის შემდეგ დატოვეს რეგიონი.

კიევი კი აცხადებს, რომ ტირასპოლის ინციდენტი ინსცენირებულია რუსეთისა და დნესტრისპირეთის სპეცსამსახურების მიერ, რომლებიც „პანიკის დათესვას და ანტიუკრაინული განწყობების“ გაღვივებას ისახავენ მიზნად.

მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი ადგილობრივმა სეპარატისტებმა „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ 1990 წელს გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ამჟამად დნესტრისპირეთში იმყოფება 1400-მდე რუსი სამხედრო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG