Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა კონგრესში მიიღო ორპარტიული მხარდაჭერა


ბრიჯიტ ბრინკი, უკრაინაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი
ბრიჯიტ ბრინკი, უკრაინაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი

უკრაინაში აშშ-ის ელჩად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დასახელებული კანდიდატი აცხადებს, რომ სენატის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, იმუშავებს უკრაინისთვის იარაღის და უსაფრთხოების აღჭურვილობის მიწოდების პროცესის კოორდინირებაზე.

ბრიჯიტ ბრინკი 10 მაისს ესაუბრა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრებს, სანამ მას, როგორც მოელიან, სენატი ადვილად დაამტკიცებდეს ამ თანამდებობაზე. ბრინკმა სენატორებს ასევე უთხრა, რომ იმუშავებს კიევში აშშ-ის საელჩოს სრულად აღდგენაზე და საკუთარ მოვალეობას უშუალოდ ქვეყანაში შეასრულებს.

ბრინკის მოვალეობის დიდი ნაწილი იქნება თანამშრომლობა სამხედრო ლიდერებთან და იმ მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების პროცესის კოორდინირება, რომელსაც აშშ უკრაინას გამოუყოფს. ბრინკის თქმით, შემდეგი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება "ომში, რომელიც რუსეთის არჩევანია". მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, "უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩაიტანოს უსაფრთხოების აღჭურვილობა".

კომიტეტის როგორც რესპუბლიკელმა, ისე დემოკრატმა წევრებმა აღნიშნეს, რომ სურთ ბრინკმა კიევში რაც შეიძლება მალე დაიწყოს მუშაობა.

ბრინკი სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის საელჩოებში საქართველოსა და უზბეკეთში, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.

2018 წელს, ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკს მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლამდე, ბრიჯიტ ბრინკი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილედ.

XS
SM
MD
LG