Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის „საბურთალოს“ საშინაო თამაშს ყველა მსურველი ვერ დაესწრება


თბილისის „საბურთალო“. იანვარი, 2022 წელი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის - „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მატჩს თბილისის „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის მხოლოდ რამდენიმე ასეული მაყურებელი დაესწრება. „საბურთალოს“ მიერ დღეს,11 მაისს, გავრცელებული განცხადების თანახმად, უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, თამაშზე მხოლოდ სპეციალური მოსაწვევების მქონე გულშემატკივრები დაიშვებიან.

„საბურთალოს“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსთა აზრით, ბოლო პერიოდში, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ თამაშებზე მაყურებელთა დასწრება საგრძნობლად გაიზარდა, რაც აქამდე სანატრელი იყო ქართული ფეხბურთისთვის და ასეთ დროს ხალხისთვის კლუბის მხრიდან შეზღუდვის დაწესება, გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა.

რადიო თავისუფლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა და მიიღო პასუხი, რომ თამაშის საორგანიზაციო საკითხებს მასპინძელი გუნდი აგვარებს და სჯობდა „საბურთალოსთვის“ მიგვემართა.

თბილისის „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი 12 მაისს გაიმართება, ფეხბურთის ფედერაციის რუსთავში მდებარე ტექნიკურ ცენტრში. მასპინძელი გუნდის ხელმძღვანელობის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული კომენტარის თანახმად, სწორედ მასპინძელი სტადიონის ზომა გახდა შეზღუდვის დაწესების მიზეზი.

„აქამდე „საბურთალო“ საშინაო შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ატარებდა. ახლა იმ სტადიონზე რეკონსტრუქცია დაიწყო და უახლოეს შეხვედრაში ბათუმის „დინამოს“ რუსთავში უნდა ვუმასპინძლოთ, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში. იმ სტადიონის ტრიბუნებზე მხოლოდ ოთხას ოთხმოცი დასაჯდომი ადგილია. ჩვენთვის სასიამოვნოა ბევრი მაყურებლის წინაშე თამაში, მაგრამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდით და ლოგიკური გადაწყვეტილება მივიღეთ“, - გვითხრეს „საბურთალოს“ პრესსამსახურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG