Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტელექტუალური შოუს, „რა? სად? როდის“, მონაწილე როვშან ასკეროვზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ნაციზმის რეაბილიტაციის საქმეზე


როვშან ასკეროვი
როვშან ასკეროვი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ტელეშოუს, „რა? სად? როდის?“, ერთ-ერთ მონაწილე როვშან ასკეროვზე სისხლის სამართლის მუხლით, რომელიც ნაციზმის რეაბილიტაციის ბრალდებით მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა.

გამოძიების ვერსიით, ასკეროვმა არაუგვიანეს 2022 წლის 6 აპრილამდე, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე „დიდი რუსი მხედართმთავრისა და მამულის დამცველის, საბჭოთა კავშირის მარშალ გიორგი ჟუკოვის ხსოვნის შეურაცხმყოფელი და შემბღალველი წინასწარგამიზნული ყალბი ცნობა გამოაქვეყნა“.

როვშან ასკეროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კი სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მიმართვის შემდეგ აღიძრა. გამოცემა „აბზაცის“ ცნობით, ასკეროვმა თავის პოსტში ჟუკოვს „სტაჟიანი მაროდიორი“, „სამხრეებიანი მკვლელი“ და „ქურდბაცაცა“ უწოდა.

როვშან ასკეროვმა განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთში დაბრუნებას.

ნაციზმის რეაბილიტაციის შესახებ მუხლი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს 2014 წელს დაემატა. შემდგომ წლებში სასჯელი ამ დანაშაულისთვის კიდევ უფრო გამკაცრდა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვეტერანების ხსოვნის შეურაცხყოფის გარდა, აღნიშნული მუხლით „მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის საქმიანობის“ თაობაზე წინასწარგანზრახული ყალბი ცნობების გამოქვეყნებაც ისჯება.

XS
SM
MD
LG