Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფული, ომი და პოლიტიკა - ვის და რატომ ბრალდება ივანიშვილის ტრანზაქციის შეფერხება?


შვეიცარიული კერძო ბანკისა (Credit Suisse) და მისი მდიდარი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის ამბავი საქართველოში სახელმწიფო დონის პრობლემად განიხილება.

ორი დღეა „ქართული ოცნება“ იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხება - შიდა და გარე ძალების მიერ საქართველოს ომში ჩართვის გეგმის ნაწილია.

თუკი აქამდე ომში ჩათრევის მცდელობაში მმართველი პარტია მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქართულ ოპოზიციას ადანაშაულებდა, ახლა ამ სქემის ნაწილად დასავლეთსაც განიხილავს. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა თითი პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაიშვირეს, ხოლო „ოცნების“ თავმჯდომარემ ეს ეჭვი არც დაადასტურა და არც უარყო.

11 მაისს ვითარება ახალი დეტალებით შეივსო - ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ შვეიცარიის გარდა, პრობლემებმა თავი იჩინა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.

  • რა კავშირი აქვს ფულის გადარიცხვას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ძალით დაბრუნების მცდელობასა და მეორე ფრონტის გახსნასთან?
  • რას ამბობს „ქართული ოცნება“ და როგორ ესმით საქართველოში მმართველი პარტიის ახლებური სცენარი?
  • რატომ შეექმნა პრობლემები ბიძინა ივანიშვილს?

ეჭვები და თითის გაშვერა

11 მაისს, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მას არ უხსენებია ამერიკის შეერთებული შტატები, როცა წინა დღით ბიძინა ივანიშვილის გაჭიანურებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ეჭვებსა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე ლაპარაკობდა.

„ამერიკა არავის უხსენებია და ეს არის ცარიელი სპეკულაცია. როდესაც მმართველი პარტია ამერიკას არ ახსენებს და ოპოზიცია ახსენებს, ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს 11 მაისს.

ხოლო 10 მაისს, პირდაპირ დასმული შეკითხვის პასუხად - გულისხმობდა თუ არა ის აშშ-ს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ არაფერი უარყო:

„მე ამ თემაში ვერ შევალ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო. ამ თემას უბრალოდ ვერ გავშლი და არ გავშლი... მე დაველოდებოდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შეიძლება სხვა დეტალებზეც ვისაუბროთ“.

10 მაისს, აშშ ახსენეს "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა ყოფილმა პოლიტიკოსმა, ხათუნა ხოფერიამ და ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა. ისინიც Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის ტრანზაქციის შეფერხებას საქართველოს ომში ჩართვის სცენარის ნაწილად განიხილავენ.

  • ხათუნა ხოფერიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ - „შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს!“;
  • ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ - „დამკვეთ ძალას“ საქართველოს ომში ჩართვა რუსეთის „იზოლირების“ მიზნით სურს და „ერთადერთი ძალა, რომელსაც პროცესების კოორდინაციის ამხელა რესურსი აქვს, ამერიკის შეერთებული შტატებია“.

ხოფერიასა და შათირიშვილის პოსტებს დიდი დრო დაუთმო ხელისუფლების მიმართ ლოიალურმა მედიამ, რაც ოპონენტებს კოორდინირებულ, მიზანმიმართულ კამპანიაზე მიანიშნებს. ირაკლი კობახიძემ საჭიროდ ჩათვალა ჟურნალისტებთან ეთქვა ისიც, რომ ხათუნა ხოფერიას მიერ დასმული შეკითხვები „ლეგიტიმურია“.

10 მაისს დაწყებული ხმაური 11 მაისს ახალი დეტალებით შეივსო.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორის, ვიქტორ ყიფიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს პრობლემები შეექმნა არა მხოლოდ შვეიცარიაში, არამედ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.

ტექსტის თანახმად, პირველ ორ ქვეყანაში, აპრილის შუა რიცხვებში, პრობლემა შეექმნა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშებს „დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში“. ხოლო მარტის დასაწყისიდან თვე-ნახევრით დაგვიანდა „ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის [გერმანიიდან] საქართველოში ჩამოყვანა“.
ეს საკითხები ამ ეტაპზე უკვე მოგვარებულია და ყველა პრობლემის გარკვევას ივანიშვილი სამართლებრივი გზებით ცდილობს.

ყიფიანის განცხადებაში საქართველოს ომში ჩათრევის ეჭვი ნახსენები არ არის, მაგრამ დაქირავებული პიარკომაპანია Cision-ის 6 მაისის პრესრელიზში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ის Green Vals Trust-მა, ბიძინა ივანიშვილს თანხის ნაწილის გადარიცხვა ერთი თვით გაუჭიანურა და დაგვიანების მოტივად „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემო“ დაუსახელა. ამ აქცენტს საგანგებო ყურადღება მიაქციეს "ოცნებაშიც".

გავრცელებული ინფორმაციით, თუკი პირველმა ტრანზაქციამ 1 თვით დაიგვიანა, ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე არ მიუღია თანხის მეორე ნაწილი, რომელიც Green Vals Trust-ისგან სავარაუდოდ 14 აპრილს მოითხოვა. ითქვა, რომ Credit Suisse-სთან ივანიშვილს ახალი სასამართლო დავა ექნება.

ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დაპირისპირება უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა 2020 წელს დაწყებული სამართლებრივი დავა 2022 წლის გაზაფხულზე მოიგო.
სწორედ ამ საქმის განხილვის ერთ-ერთი ეპიზოდია ასახული 2021 წლის ნოემბერში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე - როცა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრსაც ახსენებს და თანამოსაუბრეს მისი ნებისმიერი სახელით მოხსენიების უფლებასაც აძლევს.

Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 600 მილიონი დოლარი მოუგო ბერმუდის სასამართლოში, მაგრამ საქმე სინგაპურში გასაჩივრდა და გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სექტემბერში მიიღებენ.

სახიფათო დაბნეულობა

ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს პოლიტიკურ შანტაჟზე, რომლის მიხედვითაც გარკვეულ ძალებს, ფინანსური წნეხის გამოყენებით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის კვლავ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ - რათა ივანიშვილმა უკვე ხელისუფლის რანგში მიიღოს გადაწყვეტილება - გახსნას მეორე ფრონტი, უკრაინა-რუსეთის ომის პარალელურად.

ამ „კოორდინირებული“ სცენარის დეტალებად მმართველი პარტია ასახელებს: უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გაეწვია ელჩი, კიევიდან წამოსულ სურვილს, საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი და ხმაურს, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და მილიარდერ ევტუშენკოვს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ფარულმა ჩანაწერმა გამოიწვია.

პუტინთან დაახლოებულ რუს მილიარდერზე, ვლადიმირ ევტუშენკოვზე კობახიძემ თქვა, რომ „სანქციებს არ ექვემდებარება“. თუმცა ევტუშენკოვს აპრილში, უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით, აქტივები გაუყინა დიდმა ბრიტანეთმა და იყო მსჯელობა სანქციების აშშ-ის მიერ დაწესებაზეც. ბრიტანეთი ვლადიმირ ევტუშენკოვს „ოლიგარქს“ უწოდებს.

კერძო შვეიცარიული ბანკის შიდა სამზარეულოზე, ცხადია, ვერაფერს ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, მაგრამ აფასებს "ქართული ოცნების" განცხადებას.

"ძალიან უსარგებლოა უსაფუძვლო კომენტარები ნათქვამი იმგვარად, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს. ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელსაც მოაქვს დაბნეულობა და საბოლოოდ, ხალხის დაყოფა", - ასე უპასუხა კელი დეგნანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, 11 მაისს.

ელჩი ამბობს, რომ ახლა „საქართველოს გაერთიანება ესაჭიროება და არა დაყოფა“ და „ახლა ერთობის დროა“. ის არ აკეთებს კომენტარს აშშ-ის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ომში ჩართვის სურვილსა და მცდელობებს ხშირად სწორედ აშშ-ს აბრალებენ მკაფიოდ პრორუსული ძალები და ასეთი განცხადებები ხშირად ისმის, მაგალითად, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ეთერიდან თუ მათი მხარდამჭერების მხრიდან.

მიზეზების ძიებაში

მმართველი პარტიის მიერ გაჟღერებულ სცენარს „ბოდვას“ უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და თავის მოსაზრებას გამოთქვამს მოვლენების ასეთი განვითარების მიზეზებზე.

„სანქციების მოლოდინში პოლიტიკურად თავის დაზღვევა ხდება, რომ თუ სანქციები დაწესდება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იტყვის, რომ - აი, მე სანქციები იმიტომ კი არ დამიწესეს, რომ ამას ობიექტური გარემოებები ჰქონდა, არამედ იმიტომ დამიწესეს, რომ ომი არ მინდოდა“, - გვეუბნება გია ხუხაშვილი.

ის ახსენებს შანტაჟსაც და ფიქრობს, რომ სასწორზე საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი დაიდო.

„სანქციების ქვეშ მოხვედრის განცდით, საკუთარ კეთილდღეობას შეიძლება უკავშირებდეს ქვეყნის ორიენტაციის შეცვლას. ეს არის შანტაჟის ენა: თუ ბიძინა ივანიშვილის პრობლემები გაგრძელდება, ჩვენ [ხელისუფლება] საზოგადოებას ვეტყვით, რომ ომი გინდათ [დასავლეთს] და ვიტყვით, რომ მაშინ ჩვენ თქვენთან საქმის დაჭერა არ გვინდა, რადგან ჩვენ და საზოგადოებას ომი არ უნდა. ამ განცხადებებით დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვის მოსურნედ გამოცხადდა“, - ამბობს პოლიტოლოგი და დასძენს, რომ საქართველოს შიგნით დამკვიდრებული შეკითხვა - „ომი გინდათ?“ საერთაშორისო პარტნიორებთან არ გაჭრის.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ხატია დეკანოიძისთვის შვეიცარიული ბანკის ტრანზაქციის დაგვიანება იმის მანიშნებელია, რომ „დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს უყურებს ძალიან სერიოზულად... საეჭვო ჭრილში“ და „რისკჯგუფში“ ახვედრებს.

ამ საკითხის სანქციებთან დაკავშირებას კატეგორიულად არ ეთანხმება "ქართული ოცნება".

მართალია, ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დავამ წლების წინ იჩინა თავი, საბანკო სფეროს წარმომადგენლებისთვის წარმოუდგენელია, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილების მიზეზი ძველი წყენა გამხდარიყო.

„ბანკები ძალიან უფრთხილდებიან კლიენტებს და მით უფრო - მნიშვნელოვან კლიენტებს. Credit Suisse-ი უზარმაზარი ბანკია, 1.6 ტრილიონის აქტივებს მართავს და გამოვრიცხავ, რომ სერიოზული მიზეზის გარეშე ბანკს შეეფერხებინა ტრანზაქცია.

პირადი დამოკიდებულებების გამო ბანკი კლიენტს ასეთ პრობლემებს არ შეუქმნის. მით უფრო გამოვრიცხავ პოლიტიკურ ქმედებებს ამ ბანკის მხრიდან. შვეიცარიულ ბანკებში ფულის შენახვა იმიტომ არის ასეთი მიმზიდველი მდიდარი ადამიანებისთვის, რომ ეს სისტემა ყველაზე სანდო, დაცული და უპრობლემოა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.

ექსპერტი განმარტავს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში, დასავლური ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ თითოეულ ტრანზაქციას და პროცესის გაჭიანურება ზოგ შემთხვევაში იმის ბრალია, რომ ბანკს სჭირდება მეტი დრო გასარკვევად - „ხომ არ არის რომელიმე კომპანია, მისი აქციონერები ან ფიზიკური პირები სანქცირებული, ანდა ხომ არ არიან ისინი დაკავშირებული რომელიმე სანქცირებულ კომპანიასთან ან ქვეყანასთან“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებებით, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრებსა და პრესკონფერენციების სერიას. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეტალებს თავად პარტიის დამფუძნებელი განმარტავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG