ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალარჩეული ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, 24 მაისს გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ემილია გაგიევამ განუცხადა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას, 8 მაისს, გაიმართა. ამომრჩევლის საბოლოო აქტივობამ 68,2% შეადგინა. ბიულეტენების 97%-ის დამუშავების შედეგებით, პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარემ ალან გაგლოევმა ამომრჩეველთა ხმების 54,2 პროცენტი დააგროვა, ხოლო, მის ოპონენტს, დე ფაქტო მოქმედ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მხარი 43,3 პროცენტმა დაუჭირა.
„ინაუგურაცია, სავარაუდოდ, 24 მაისს გაიმართება. დღეს ჩვენ მივიღეთ ოქმები მოსკოვიდან, გუშინ ისინი სოხუმიდან ჩამოგვიტანეს. დღეს განვიხილავთ რამდენიმე ოქმს, რომლებშიც შეცდომებია დაფიქსირებული. ხვალ კი, 12 მაისს, ჩვენ გავმართავთ სხდომას, რომელზეც 8 მაისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები დამტკიცდება", - განაცხადაე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა, ემილია გაგიევამ.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალან გაგლოევმა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხზე ილაპარაკა, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს აქტუალური თემა იყო.
„სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, როგორც კი ამის დრო მოვა, - თქვა მან ტელეკომპანია „როსია 24“-თან ინტერვიუში, - ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს. გვესმის, რომ რუსეთის ფედერაცია ატარებს სპეცოპერაციას უკრაინაში ნეოფაშისტებთან საბრძოლველად". გაგლოევმა დაამატა: „ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე რეფერენდუმი და მზად ვართ, ჩავატაროთ რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ნაბიჯების შეთანხმებით".
მარტის ბოლოს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთი ოსეთი აპირებს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარების საკითხი დიდი ხნით არ უნდა გადაიდოს. უკვე 1 აპრილს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ცესკოში რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა.
8 მაისს გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე, წინასწარი შედეგებით, გაგლოევს ხმა ამომრჩეველთა 54,2%-მა მისცა, ანატოლი ბიბილოვს – 43,3%-მა. ე.წ.ცესკო საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას 11 მაისს გეგმავს. გაგლოევს გამარჯვებას თვითაღიარებული რესპუბლიკების და იმ ქვეყნების ლიდერები ულოცავენ, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარეს. საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.