Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მენსტრუალური ტკივილების მქონე ქალებს ესპანეთში მოკლე შვებულების უფლებას მისცემენ


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა იქნება, სადაც ქალებს, რომლებსაც მენსტრუალური ტკივილები აწუხებთ, თვეში სამი არასამუშაო დღით სარგებლობის უფლებას შესთავაზებენ. გადაწყვეტილება მომავალ კვირაში უნდა მიიღოს ესპანეთის მთავრობამ.

გამოცემა El Periodico-ს ესპანეთის თანასწორობისა და გენდერული ძალადობის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ანხელა როდრიგესმა განუცხადა, რომ ახალი კანონი ბევრ სიკეთეს მოუტანს ქალებს, რომლებსაც მენსტრუალური ტკივილები აწუხებთ.

ჩვენ ვსაუბრობთ არა მსუბუქ დისკომფორტზე, არამედ სერიოზულ სიმპტომებზე, ისეთებზე, როგორებიცაა დიარეა, ძლიერი თავის ტკივილი, ცხელება“, - განაცხადა როდრიგესმა.

ის შეეხო ასევე ჰიგიენური საშუალებების ხელმისაწვდომობის საკითხს და თქვა, რომ არიან ქალები, ვისთვისაც ეს საშუალებები ხელმიუწვდომელია. მისი სიტყვებით, მენსტრუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები არასოდეს განხილულა, მონაცემები კი საგანგაშოა.

მოსალოდნელ ცვლილებებს ოპონენტებიც ჰყავს. მსხვილი პროფკავშირული გაერთიანების (UGT) თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინა ანტონანესი ფიქრობს, რომ ამან შესაძლოა „ქალების სტიგმატიზირება“ გამოიწვიოს და „დათვური სამსახური გაუწიოს ქალებს“. გადაწყვეტილებამ შესაძლოა დამსაქმებლებს ქალების სამსახურში აყვანის სურვილი დაუკარგოს, რადგან ქალებს თვეში სამი თავისუფალი დღის აღება შეეძლებათ, მიიჩნევს ესპანეთის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი ნადია კარვინო.

ეკოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევების საერთაშორისო ჟურნალის თანახმად, მსოფლიოში ქალების 60-დან 90%-ს ძლიერი მენსტრუალური ტკივილები აწუხებს. ესპანეთში მსგავს ტკივილს განიცდის ქალების 75%-ი. მსგავსი შვებულებით სარგებლობის უფლება აქვთ ქალებს აზიის რამდენიმე ქვეყანაში - იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში.

XS
SM
MD
LG