Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლექსო თორაძე - ცხოვრება ბოლო კონცერტამდე


ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე, რომელმაც სახელი სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის, პროკოფიევის შესრულებით გაითქვა, 10 მაისს გარდაიცვალა.

ლექსო თორაძე თბილისში,1952 წელს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და მსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში დაიბადა. ცხრა წლიდან სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავდა. დაამთავრა თბილისის და მოსკოვის კონსერვატორიები. როგორც ნიჭიერმა მუსიკოსმა მალევე გაითქვა სახელი, ხოლო 1983 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში გადასახლდა, მის შესახებ იმათაც კი გაიგეს, ვისაც მუსიკასთან არაფერი აკავშირებდა - ლექსო თორაძე რუსეთის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ესპანეთში გასტროლებზე იმყოფებოდა, როცა აშშ-ის საელჩოში თავშესაფარი მოითხოვა.

მანამდე მას რამდენიმე საერთაშორისო კონკურსი ჰქონდა მოგებული, მათ შორის, კლიბერნის კონკურსი (ტეხასში). მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდას შესთავაზეს უცხოეთში წასვლა, ლიანა ასათიანს აქვს ეს ჩემთვის ნათქვამი. შემდეგაც იყო ალბათ შემოთავაზებები, განსაკუთრებით აშშ-დან. შემთხვევით არ იყო, რომ მან სწორედ ამერიკის საელჩოში ითხოვა თავშესაფარი. როგორც კი ამერიკაში ცხოვრების უფლება მიიღო, 10 დიდ ქალაქში გამოვიდა კონცერტით“, - ამბობს მუსიკის კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე. ის იხსენებს, რომ ლექსო თორაძის წასვლამ საბჭოთა კავშირში ისეთი რეაქცია გამოიწვია, როგორიც ბალერონ როდოლფ ნურიევის პარიზში დარჩენას მოჰყვა. – მამამისი უბრალოდ შეეწირა ამ ამბავს. ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ დავითი გარდაიცვალა, ისიც გულით“.

ლექსო თორაძე
ლექსო თორაძე

ამის შემდეგ წლების განმავლობაში ლექსი თორაძე საქართველოში ვერ ჩამოდიოდა. ამერიკაში მან მალე დაიმკვიდრა თავი, ძალიან დატვირთული გრაფიკი და უამრავი გასტროლი ჰქონდა. ამერიკაში გაიცნო ყოფილი მეუღლე სუზანი, რომლისგანაც ორი შვილი ალექსანდრე და დავითი შეეძინა. მოგვიანებით ქალაქ საუზ ბენდში, სადაც ის ცხოვრობდა, მუსიკალური სტუდიაც დააარსა და პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო. ბევრ ქართველ მუსიკოსს შეუწყო ხელი, ამერიკაში თავი დაემკვიდრებინა, მათ შორის იყო ედიშერ სავიცკიც. მისი დედა, თავადაც მუსიკის პედაგოგი მაკა ალადაშვილი, იხსენებს, როგორ ცხოვრობდნენ ქართველები საუზ ბენდში.

ულამაზესი, პატარა ქალაქია, ერთსართულიანი ამერიკა. ლექსომ იქ მუსიკალური სტუდია დააარსა. პირველი საშა კორსანტია წაიყვანა, მერე სხვები. ძალიან მალე ეს სტუდია ჯერ ინდიანაში და შემდეგ მთელ ამერიკაში გახდა ცნობილი. იქ ბაღი ჰქონდათ დაქირავებული, ვენახი გააშენეს, უვლიდნენ, წურავდნენ. ქართულ კერძებსაც აკეთებდნენ, ლექსო თვითონაც ფანტასტიკურად ამზადებდა.

ძალიან მაშტაბური და მრავალფეროვანი ადამიანი იყო ლექსო. ჯაზს უკრავდა შესანიშნავად. ამერიკულ საზოგადოებას ლექსო პირველად სწორედ ელა ფიცჯერალდმა გააცნო. ძალიან უყვარდა ფეხბურთი. თვითონაც და მისი მოსწავლეებიც თამაშობდნენ ხოლმე. ცუნამივით ენერგია ჰქონდა, საუბრით ძალიან მშვიდად საუბრობდა, მაგრამ სცენაზე მართლაც ცუნამივით იყო“, - ჰყვება მაკა ალადაშვილი.

ლექსო თორაძის რეპერტუარი საკმაოდ ვრცელი იყო, მაგრამ მან სახელი უფრო რუსი კომპოზიტორების, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის, პროკოფიევის შესრულებით გაითქვა. მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე, პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მის შესრულებას მასშტაბურობა, რომანტიკულობა ახასიათებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დონის პიანისტი იყო, ლექსო თორაძე „Nostalgia TV“-სთან ამბობს, შოსტაკოვიჩის პირველ კონცერტს 32 წელია ვუკრავ, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მაინც სულ ვმეცადინეობ, დროს ვხარჯავ, რომ რაღაც ახალი ვიპოვო, რაღაც ახალს მივაგნოო.

ლექსო თორაძე
ლექსო თორაძე

თავის ბოლო კონცერტზე, 23 აპრილს, ექიმთან ერთად მივიდა. დარბაზი გააფრთხილეს, შეიძლება დაკვრა ვერც შეძლოსო, მაგრამ შეძლო - ვანკუვერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტი შეასრულა და ისევ საავადმყოფოში დაბრუნდა.

მეორე დღეს ვიდეომიმართვა გაუგზავნა ორკესტრს, გუშინ რაც მოხდა, თითქმის სასწაული იყო, ყველას დიდი მადლობაო, ფაქტობრივად დაემშვიდობა. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა აღარ გაუმჯობესებულა. გარდაიცვალა 10 მაისს, დაბადების დღემდე 20 დღით ადრე. 30 მაისს მას 70 წელი შეუსრულდებოდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG