გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ(UNHCR) 12 მაისს ჟენევაში დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს გამოძიების ჩატარებას ცნობებზე რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ უკრაინის იმ ადგილებში, რომლებსაც ისინი დროებით აკონტროლებდნენ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 33-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო ორი ქვეყანა, ჩინეთი და ერიტრეა, თორმეტმა ქვეყანამ თავი შეიკავა.
UNHCR-ის რეზოლუცია ასახელებს ცნობებს წამების, მკვლელობის და სექსუალური ძალადობის შესახებ, სხვა დანაშაულებთან ერთად, რომლებიც ადგილზე გაეროს გუნდმა აღწერა. მანამდე ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა თქვა, რომ კიევის რეგიონში, რუსეთის ძალების გასვლის შემდეგ, აღმოჩენილი იყო ათასობით გვამი, რაც, შესაძლოა, ომის დანაშაულებს უტოლდებოდეს.
„კანონგარეშე მკვლელობების ოდენობა, განუკითხავად დახვრეტის შემთხვევების ჩათვლით კიევის ჩრდილოეთის რეგიონებში, შოკისმომგვრელია“, - თქვა მიშელ ბაჩელეტმა ჟენევაში ადამიანის უფლებების საბჭოსადმი ვიდეომიმართვაში.
რუსეთი უარყოფს, რომ სამოქალაქო პირებს თავს ესხმის და უკრაინაში თავის მოქმედებას 24 თებერვლის შემდეგ უწოდებს „სპეცოპერაციას" უკრაინის განიარაღების და "ნაციონალიზმისგან" განთავისუფლების მიზნით. უკრაინა და დასავლეთი მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ომი დაიწყო ისე, რომ არ მომხდარა მისი პროვოცირება.
დაწერეთ კომენტარი