Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: რუსეთი ვერ ბედავს სტრატეგიული მარცხის აღიარებას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წლის 12 მაისი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე ყველასთვის აშკარაა, მაგრამ რუსეთს ამის აღიარების გამბედაობა არ გააჩნია.

„რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მთელ მსოფლიოში აშკარაა მათთვისაც კი, ვინც ჯერ კიდევ განაგრძობს მათთან ურთიერთობას. უბრალოდ, რუსეთში ჯერჯერობით არ აქვთ გამბედაობა, რომ ეს აღიარონ. ისინი ლაჩრები არიან და ცდილობენ სიმართლე დამალონ რაკეტების და საავიაციო და საარტილერიო დარტყმების უკან“, - თქვა ზელენსკიმ 12 მაისს, ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათი ამოცანაა იბრძოლონ, სანამ არ მიაღწევენ მიზნებს და არ გაათავისუფლებენ საკუთარ მიწას და ხალხს და საიმედოდ არ უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევენ აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG