Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავშესაფრის მაძიებლად 364-მა მოქალაქემ მიმართა. 126 უკრაინის მოქალაქეა


ფოტო არქივიდან: უკრაინა. 24 თებერვალი, 2022 წელი
ფოტო არქივიდან: უკრაინა. 24 თებერვალი, 2022 წელი

2022 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე დარეგისტრირდა. უმეტესობა, 126 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა, 52 - თურქეთის, 31 - ირანის, 21 - რუსეთის, 17 - ავღანეთის და 16 - ეგვიპტის. ინფორმაცია შსს-ს სტატიკურ მონაცემებშია ასახული.

უწყების თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი სულ 51-მა ადამიანმა მიიღო. მათგან 21 ავღანეთის მოქალაქეა, 13 - უკრაინის, 7 კი - იემენის. ჰუმანიტარული სტატუსი არ მიუღია რუსეთის არცერთ მოქალაქეს.

2022 წლის პირველ სამ თვეში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია რუსეთიდან და უკრაინიდან. გასული წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უკრაინის მხოლოდ - 3, ხოლო რუსეთის 54 მოქალაქე იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსს, ეს: სტატუსი სულ 9 მოქალაქემ მიიღო, მათგან არცერთია უკრაინისა და რუსეთის მოქალაქე. ლტოლვილის სტატუსი მიიღეს: ეგვიპტის, ავღანეთის, პაკისტანისა და თურქეთის მოქალაქეებმა.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის სულ 40 მოქალაქე, მათგან 4 რუსეთის მოქალაქეა. გაძევებულთა შორის ასევე არიან თურქეთის, ირანის, ინდოეთის და ეგვიპტის მოქალაქეები.

ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭებათ.

XS
SM
MD
LG