Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შეიარაღებული ძალები ომის მეოთხმოცე დღის ანგარიშს აქვეყნებს


უკრაინის შეიარაღებული ძალები ომის მეოთხმოცე დღის ანგარიშს აქვეყნებს. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე, რუსული არმიის მთავარი მიზანია, სრული კონტროლის დამყარება დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებზე, ასევე ანექსირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის კავშირის უზრუნველყოფა.

რუსული შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებით.

ჩრდილოეთის მიმართულებით რუსული არმია გაძლიერებული ძალებით იცავს უკრაინა-რუსეთის საზღვრებს ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული არმია საარტილერიო შეტევას ახორციელებდა სლავიანსკის მიმართულებით, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

საარტილერიო შეტევა ხორციელდებოდა დონეცკის მიმართულებითაც.

ვითარება კვლავ მძიმეა მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, სადაც რუსული შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მასშტაბურ საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს.

საინფორმაციო პორტალი „დღეს“, „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილეზე, სვიატოსლავ პალამარზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლის მცველებმა ქალაქის ბლოკადის განმავლობაში დახოცეს ექვსი ათასი რუსი სამხედრო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, მოგერიებულია რუსული ძალების ათი შეტევა, განადგურებულია ხუთი ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, ექვსი ჯავშან-ტექნიკა და შიდი ავტომობილი.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG