Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ, სავარაუდოდ, მოიგო ბრძოლა ხარკოვისთვის - ISW


რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, გადაწყვიტეს სრულად დაიხიონ ხარკოვის გარშემო გამაგრებული საკუთარი პოზიციებიდან. ამის შესახებ წერს ომის გამოძიების ამერიკული ინსტიტუტი. მათი ინფორმაციით, რუსეთი უკან იხევს ერთი მხრივ, უკრაინის კონტრშეტევების და მეორე მხრივ, შეზღუდული რესურსების გამო:

„აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, უკრაინამ მოიგო ბრძოლა ხარკოვისთვის. უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა არ მისცეს რუსულ არმიას უფლება ალყა შემოერტყათ ხარკოვისთვის. რომ აღარაფერი ვთქვათ, მის ოკუპირებაზე. ამის შემდეგ კი რუსული ძალები განდევნეს ქალაქის შემოგარენიდან ზუსტად ისე, როგორც ეს მოახერხეს კიევის შემთხვევაში“, - ნათქვამია ISW-ის კვლევაში.

ხარკოვიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც. მათი ცნობით, რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს აღარ ახორციელებდნენ. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

XS
SM
MD
LG