„ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური და განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას ჟურნალისტები საგამოფენო დარბაზის ეზოში დამონტაჟებული მცირე ზომის ეკრანიდან ადევნებდნენ თვალს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დარბაზში შეკრებილებს თამარობა და ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება მიულოცა:
„ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომლის შექმნასა და გამარჯვებაში ქალები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სამართლებრივი თუ ინსტიტუციური რეფორმების გატარება ქალთა როლის გაძლიერებისთვის. თანასწორობის უზრუნველყოფა კვლავაც ყველა ჩვენგანის, თითოეული ქალისა და მამაკაცის საქმეა. შემუშავდა და დაიხვეწა კანონმდებლობა ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ხარისხიანი ჯანდაცვისა და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა, კვოტირების მექანიზმის შემოღება ამ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება:
„ჩვენი დედების და დების, ქალიშვილებისა და მეუღლეების ხმათა გაძლიერება, რასაკვირველია, ძალზე სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა ჩვენი პარტიისთვის, ზოგადად შიდაპარტიული დემოკრატიისა და თანასწორობის გაძლიერებისათვის. და მე მჯერა, რომ ის მიზნები, რომელთა მიღწევის ამბიციაც ამ ორგანიზაციას აქვს - ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების დღის წესრიგში მეტად გამოკვეთა და გადაჭრა, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა - ასევე კარგია მთლიანად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას დასამტკიცებლად წარედგინა ორგანიზაციის გამგეობა 31 ქალის შემადგენლობით.
მათ შორის, არიან, ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე; თეა წულუკიანი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი; მაკა ბოჭორიშვილი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
დაწერეთ კომენტარი