Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთის მცხოვრებლები ცდილობენ თავიდან აიცილონ უკრაინაში იძულებით წაყვანა


გროზნო. "კადიროველები" ახმატ კადიროვის პორტრეტის წინ
გროზნო. "კადიროველები" ახმატ კადიროვის პორტრეტის წინ

ჩეჩნეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვაიფონდის" თანახმად, ერთობ გაიზარდა იმ მოქალაქეთა მომართვა, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ უკრაინაში მიმდინარე ომში წაყვანას. ორგანიზაციის განცხადებაში ლაპარაკია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ათობით მცხოვრებზე, რომლებიც ითხოვენ სხვაგან წასვლაში დახმარებას, რათა ამით თავიდან აიცილონ უკრაინაში იძულებით გაგზავნა.
"ამ ადამიანების მტკიცებით, ისინი არ არიან სამართალდამცველი და სამხედრო სტრუქტურების თანამშრომლები, და არც ინვალიდობა აღმოჩნდა უკრაინაში გამგზავრებისგან თავის დახსნის წამალი", - აცხადებენ "ვაიფონდში". ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მას არ შეუძლია მთხოვნელებს დაეხმაროს ჩეჩნეთიდან სხვაგან წასვლაში.

ადრე აღნიშნული მიმართვების შესახებ "კავკაზ.რეალიისთან" ინტერვიუში "ვაიფონდის" თანადამფუძნებელმა, ამინა სადულაევმაც გაამახვილა ყურადღება. "ჩვენს საცნობარო ნომრებზე ადამიანები გვწერენ: "დაგვეხმარეთ, ახლა მე ომში მიპირებენ გაგზავნას, მე ამის გაკეთება არ მინდა".

ჩეჩნეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი "ტელეგრამის" არხებით გავრცელდა ვიდეო რესპუბლიკიდან უკრაინაში "მოხალისეთა" გაგზავნის შესახებ. კადრებში ისმის კოლონის გამცილებელი ქალების ტირილის ხმა.

რამზან კადიროვის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს აიძულებენ უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობას, ამასთან, გზავნიან არა მხოლოდ სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლებს, არამედ იმათაც, ვისაც "ძალოვნები" დევნიან. ასე მაგალითად, 9 აპრილს ადგილობრივმა სოციალურ ქსელებმა გაავრცელეს ვიდეო, თუ როგორ მიჰყავთ ომში თურქეთში მცხოვრები ბლოგერის, ჰასან ხალიტოვის ძმა.


ჩეჩნეთის მეთაური თავის "ტელეგრამის" არხში რეგულარულად აქვეყნებს ვიდეოებს "მოხალისეების" ომში წაყვანის თაობაზე, არაერთხელ მოუწოდა ვლადიმირ პუტინს კონფლიქტის ესკალაციისკენ, ერთ დღეს ისიც კი განაცხადა, რომ მისაღებად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG