Accessibility links

site logo site logo

დიდი შვიდეული: კიდევ უფრო გავზრდით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე


„არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლების შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს და გავაგრძელებთ ჩართულობას უკრაინის, მათ შორის, ყირიმის და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მათ გერმანიაში, სამდღიანი სამიტის შემდეგ გაავრცელეს.

საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მუშაობას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამსუბუქებლად.

„ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე და გავაგრძელოთ ერთიანი მოქმედება“, - ნათქვამია ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე თქმით, გაფართოვდება სასანქციო ზომები, მათ შორის იმ სექტორებში, რომლებზეც რუსეთი განსაკუთრებულადაა დამოკიდებული.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიაში ქალაქ ვაისენჰაუზში სამდღიანი სამიტი გამართეს. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებია, მათ შორის, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება.

დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვეულნი იყვნენ უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია. მიწვეულ ქვეყნებს შორის არ აღმოჩნდა საქართველო, რასაც ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა მოჰყვა.

„საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არავითარ შემთხვევაში არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ამ მიზეზით ხსნიან ის და მისი თანაგუნდელები, რომ საქართველო არ არის მიწვეული არც დიდი შვიდეულისა და არც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მონაწილეებს შორის.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი შვიდეულის სამიტზე საქართველოს არმიწვევის მიზეზი „პოზიტიურია“.

კობახიძის განცხადებით, უკრაინა და მოლდოვა სამიტზე მხოლოდ იმიტომ მიიწვიეს, რომ ომთან არიან დაკავშირებული და ს, ვინც წუხს, რომ საქართველო არ არის დიდი შვიდეულის მონაწილე, წუხს რომ საქართველოში არ არის ომი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG