Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშო ჯავახიშვილი: ჟიურიმ უმაღლესი ქულა მიანიჭა უკრაინას


15 მაისს 2022 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით, Stefania
15 მაისს 2022 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით, Stefania

"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ეროვნული ჟიურის ერთ-ერთი წევრი მიშო ჯავახიშვილი უკრაინის შეფასებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

„როგორც ევროვიზიის 2022 წლის კონკურსის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის მხრიდან დამტკიცებული ეროვნული ჟიურის წევრი ვაცხადებ, რომ საბოლოო შეფასება, საქართველოს საზოგადოებრვი მაუწყებლის მხირდან გადაგზავნილ იქნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ხმების დათვლის სამსახურში გენერალური რეპეტიციის დასრულებისთანავე და საბოლოო შეფასებაში დაფიქრისებული არის ჟიურის უმაღლესი ქულა და ეს ქულა ჟიურიმ მიანიჭა უკრაინას! შეფასება დამოწმებულია ნოტარიულად!“ - წერს მიშო ჯავახიშვილი "ფეისბუკში".

15 მაისს 2022 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით, Stefania.

40 ქვეყნის ეროვნული ჟიურის და მაყურებლების დაჯამებული ხმებით, უკრაინამ 631 ქულა მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა დიდმა ბრიტანეთმა კი - 466 ქულა.

კონკურსის მსვლელობისას გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხალხმა (მაყურებელმა) უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა, საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ კი - 6.

ეს ინფორმაცია მალევე უარყო საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს“.

„გენერალურ რეპეტიცია გადაიცემა დახურულ ფორმატში, ამ რეპეტიციას უყურებს კონკურსში მონაწილე ქვეყნების მაუწყებლებში შეკრებილი 5 წევრისგან შემდგარი ეროვნული ჟიური, რომელიც ფინალში მონაწილე ქვეყნებს აფასებს ქულების მიხედვით. ეს შეფასება არის დახურული და ვერავინ ზემოქმედებს ჟიურის წევრების პირად გადაწყვეტილებაზე", - აღნიშნავს მიშო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში.

მიშო ჯავახიშვილი "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის მონაწილე ქვეყნის - უკრაინის შეფასებასთან დაკავშირებულ ვითარებას გაურკვევლობას უწოდებს და ამბობს:

„მაუწყებლის მხრიდან კონკურსის ფინალში, შეფასებების ნაწილში ერთვება საქართველოს წარმომაგდნელი, რომელიც აცხადებს თუ, ვინ მიიღო ჟიურის უმაღლესი ქულა. ეს ჩართვა ვერ მოხდა ევროვიზიის კონკურსის ტექნიკური სამსაუხირს მხრიდან, ამიტომ ქულა, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში შეკრებილი ეროვნული ჟიურის მხრიდან და ასახულია 6 ქულა უკრაინისთვის არის მცდარი. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და იტალიაში მყოფი საქართველოს დელეგაცია ამ საკითხს არკვევს და იმედია, უმოკლეს დროში ეს უხერხულობა მოგვარდება. ვულოცავთ ჩვენ მეგობარ სახელმწიფოს - უკრაინას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. მომავალ წელს ევროვიზია 2023 ჩატარდება უკრაინაში და იქ არ იქნება არცერთი რუსული ტანკი და რუსი ჯარისკაცი. დიდება და გამარჯვება უკრაინას!“, - წერს მიშო ჯავახიშვილი, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ეროვნული ჟიურის ერთ-ერთი წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG