Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ელჩი აშშ-ში: "რუსეთი არ დანებდება და არ გამოაცხადებს კაპიტულაციას უკრაინაში"


რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვი
რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვი

რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რუსეთი უკრაინის წინაშე „კაპიტულაციას“ არ მოახდენს. მისი თქმით, რუსი დიპლომატები შეერთებულ შტატებში დარწმუნებულნი არიან, რომ „სრულად შესრულდება ყველა ის დავალება, რომელიც უმაღლესმა მთავარსარდალმა შეიარაღებული ძალების წინაშე დააყენა“.

პროპაგანდისტი ჟურნალისტის, სოლოვიოვის ლაივ ტელეარხზე ანტონოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს "უბიძგებს" სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ, ოღონდ საკუთარი პირობებით. ელჩის თქმით, საუბარია სამ პირობაზე: უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, ჯარების 24 თებერვლამდელ პოზიციებზე გაყვანაზე და ასევე „ყოველივე ჩადენილის მონანიებაზე“. ელჩის თქმით, „ასეთი კაპიტულაცია არ იქნება, არასდროს არ იქნება“. „ჩვენ არასოდეს დავნებდებით, უკან არ დავიხევთ“, - თქვა მან.

ანატოლი ანტონოვმა დაიჩივლა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დიალოგი "ჩიხში შეიყვანა" და გაწყვიტა პირდაპირ კონტაქტები რუსეთის საელჩოს თანამშრომლებთან ვაშინგტონში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების მომენტიდან, შეერთებული შტატები მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატები ასევე აცხადებს უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კიევს. ამასთან, საყურადღებოა, რომ რუსეთთან მიმართებაში „კაპიტულაციის“ მოთხოვნები საჯაროდ არასოდეს თქმულა. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, მაგრამ არა რუსეთის დიქტატის საფუძველზე.

ერთი დღით ადრე, ვიდრე კრემლი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობას" აღიარებდა და რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ელჩმა ანტონოვმა განაცხადა: "მინდა დავადასტურო, რომ დონბასი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია“. რუსი დიპლომატი იმასაც ამტკიცებდა, რომ რუსეთს არ აქვს უკრაინაში შეჭრისა და მისი ტერიტორიების ხელში ჩაგდების გეგმებიო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG