Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო დარწმუნებულია, რომ ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ კონსენსუსს მიაღწევენ


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიუხედავად თურქეთის გარკვეული წინააღმდეგობისა, ორგანიზაციაში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესის შეფერხებას არ ელოდება.

ანკარას არ სურს ალიანსში ორი ახალი წევრის გაწევრიანების დაბლოკვა და ეს მკაფიოდ ითქვა, განაცხადა სტოლტენბერგმა კვირას, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბერლინში შეხვედრის ბოლოს. "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ თურქეთის შეშფოთებას ისე, რომ არ შენელდეს გაწევრიანების პროცესი", - დასძინა სტოლტენბერგმა.

მანამდე თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰელსინკისა და სტოკჰოლმის ნატოში გაწევრიანებას მხოლოდ ანკარის გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დასთანხმდებიან. თურქეთის ასეთმა მიდგომამ ეჭვი გააჩინა ყველა წევრი ქვეყნის საბოლოო ერთიან პოზიციაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ შემოთავაზებულ გაფართოებაზე ნატოში კონსენსუსი იქნება მიღწეული. ბლინკენის თქმით, ის თურქ კოლეგას ანკარის შეშფოთების თაობაზე ესაუბრა. "მე არ მინდა მივცე დახასიათება არც ამ კონკრეტულ საუბარს საგარეო საქმეთა მინისტრთან და არც დისკუსიებს ნატოს სესიების ფარგლებში, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ორგანიზაციაში თითქმის ყველასგან მოვისმინე ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ძალიან დამაჯერებელი მხარდაჭერა", - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს გერმანიის დედაქალაქში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

15 მაისს ფინეთის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ოფიციალურად გადაწყვიტა.

ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა და პრეზიდენტმა საული ნიინისტემ კვირას ჰელსინკიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ამის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რაც უახლოეს დღეებში მოხდება.

უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრობისთვის შვედეთიც მიმართავს.

XS
SM
MD
LG