Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინაში გასაგზავნად 2 500-მდე რეზერვისტს ამზადებს


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი ანგარიშის თანახმად, რუსეთი ჯარის დაკომპლექტებასა და დანაკარგების შევსებას რეზერვისტების ხარჯზე ცდილობს. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა რეზერვისტების ხარჯზე ცდილობს ჯარის დაკომპლექტებასა და დანაკარგების შევსებას. ვორონეჟის, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქების პოლიგონებზე 2 500-მდე რეზერვისტი გადის წვრთნას. იგეგმება მათი გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე ომში მონაწილეობის მისაღებად“, - აცხადებენ უკრაინის არმიის გენშტაბში.

ამავე ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ზოგიერთ ტერიტორიაზე ქვედანაყოფების დაკომპლექტება 20 პროცენტზე ნაკლებია.

„სევეროდონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგე, არტილერიის მხარდაჭერით, იბრძოდა სოფელ ტოშკოვკას მიდამოებში. ბორივსკის მიდამოებში ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს. გრძელდება ბრძოლები კომიშუვახას ტერიტორიაზე ბახმუტის მიმართულებით. მოწინააღმდეგე იბრძოდა ავდიივკას მიმართულებით და დანაკარგები განიცადა პისკის და ნოვოკალინოვის დასახლებების ტერიტორიებზე. საარტილერიო მხარდაჭერის გამოყენებით ახორციელებდა შეტევას კურახივის მიმართულებით, თუმცა წარუმატებლად", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში.

კვლავ უკიდურესად მძიმე ვითარებაა მარიუპოლში, სადაც მოწინააღმდეგის ძალისხმევა კვლავ ფოკუსირებულია „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინის ქვედანაყოფების დაბლოკვისა და განადგურებისკენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმია ახორციელებს მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს ალყაში მოქცეულ და "აზოვსტალში" გამაგრებულ მარიუპოლის დამცველებზე.

XS
SM
MD
LG