Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოს განცხადებით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი არ გამხდარა პრემიერსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა


საქართველოს საპატრიარქო, ფოტო არქივიდან
საქართველოს საპატრიარქო, ფოტო არქივიდან

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებას ოფიციალური განცხადების ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შორის შეხვედრა არ ეხებოდა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხს.

„გუშინ, 2022 წლის 15 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის შედეგი.

საქართველოს საპატრიარქო მოხარულია, რომ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თუმცა დავძენთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ამ საკითხს არ ეხებოდა და, ამდენად, ეს შეხვედრა არ გამხდარა ზემოაღნიშნულის მიზეზი", - აცხადებს საპატრიარქო.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ:

„თქვენ ყველამ იცით, რომ პატრიარქი პრემიერ-მინისტრს შეხვდა. არ არის აუცილებელი, რომ ამ საუბრის ყველა დეტალი ვიცოდეთ - შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ყველა, ოჯახის წევრიც და საზოგადოებაც. ასე რომ, ყველაფერი კარგად არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა ეკუთვნის არა მარტო პატრიარქს, არამედ - ხელისუფლებისაც, „რადგან ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება“.

XS
SM
MD
LG