Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: ლგბტ+ ადამიანებს სახელმწიფო წლებია ვერ აძლევს უსაფრთხოების გარანტიებს


სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარია სახელმწიფოს მხრიდან უთანასწორობის შემცირებისთვის არასაკმარის ძალისხმევაზე აკეთებს აქცენტს.

სახალხო დამცველის თქმით, "ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ."

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების საკითხი. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს.

სახალხო დამცველი იხსენებს 2021 წლის 5 ივლისსაც, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და სხვა წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ, პოლიცია კი არ იყო სათანადოდ ეფექტური ძალადობის აღსაკვეთად.

"მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ+ თემის ხილვადობა და შემცირდა საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული განწყობები, ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ" - ნათქვამია განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას ლგბქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები ყოველ წელს რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე ცდილობენ 2012 წლიდან.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღე დაუპირისპირა, რომელიც ასევე 17 მაისს აღინიშნება.

XS
SM
MD
LG