თბილისის ცენტრში აღნიშნავენ “ოჯახის სიწმინდის დღეს”. ეს დღესასწაული 2013 წელს საქართველოს საპატრიარქომ შემოიღო.
ქაშვეთის წინ შეკრებილებს პატრიარქის მოსაყრდემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა უთხრა, რომ გონებასთან, სიტყვასთან და რელიგიასთან ერთად, “ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება, რომელიც ადამიანს განასხვავებს პირუტყვისგან”.
“როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს, როდესაც უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა ეს იმას ნიშნავს, რომ გონებასაც კარგავს… და შესაბამისად, ისმის კითხვა - ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილ ადამიანად?
…დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს, დღეს დადგა ეს საჭიროება. ჩვენს წინაპრებს არასდროს ქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტორო თავისთავად იგულისხმებოდა ეს ყველაფერი.
ვიმეორებ, რომ ჩვენ კი არ აღვადგენთ რაიმე ძველს, ჩვენი მამა-პაპათა მიერ მოგონილ წესს, არამედ უშუალოდ ღვთის მიერ მოცემულს… ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მომავალში და არ აღვადგენთ წარსულს. მომავალში, თუ დაიკარგება ეს უწმინდესი ღირებულება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება.” - განაცხადა სასულიერო პირმა.
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 2014 წლის 17 მაისიდან მოყოლებული, ქალაქის ცენტრში “ოჯახის სიწმინდის დღეს” უკვე მეცხრედ აღნიშნავენ.
იქამდე ერთი წლით ადრე, ათასობით კონტრდემონსტრანტმა გაარღვია პოლიციის კორდონი და თავს დაესხა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ რამდენიმე ათეულ ადამიანს. დარბევის კადრებში ნათლად ჩანს, რომ სასულიერო პირები მონაწილეობენ კორდონის გარღვევაში და მოუწოდებენ მრევლს ძალადობისკენ.
2019 წლის 16 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ ფაქტს „უპრეცედენტო“ უწოდა და საქართველოს ხელისუფლებას დაზარალებულებისთვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს შეფასებით, ძალადობა „ხელისუფლების მდუმარე თანხმობით“ მოხდა.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა - 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან.
2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ოჯახი "მამაკაცისა და ქალის ერთობაა”.
დაწერეთ კომენტარი