Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: უკრაინელმა დამცველებმა სულ მცირე 7 ავტობუსით, რუსების მეთვალყურეობის ქვეშ, "აზოვსტალი" დატოვეს


უკრაინელი სამხედროების მორიგი ევაკუაცია "აზოვსტალიდან"
უკრაინელი სამხედროების მორიგი ევაკუაცია "აზოვსტალიდან"

სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინელი დამცველებით სავსე მინიმუმ 7 ავტობუსმა დატოვა მარიუპოლის "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის ტერიტორია.
თვითმხილველთა თქმით, ავტობუსებში მსხდომ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს დაზიანების ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნებოდათ.

გამოცემა "ევროპიესკა პრავდა" წერს, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯერ არ აქვს ინფორმაცია, თუ სად აპირებენ მარიუპოლის დამცველების წაყვანას, რომლებიც არ დაშავებულან.

რუსეთის მხარე კი აცხადებს, რომ უკრაინულ პოლკ "აზოვის" მებრძოლები, რომლებიც ქალაქ მარიუპოლში, ქარხანა "აზოვსტალში იყვნენ ბლოკირებულნი, რუს სამხედროებს ტყვედ ჩაბარდნენ ყოველგვარი პირობის გარეშე. ამის შესახებ რუსულ სააგენტო "ტასს" გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ განუცხადა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის დამცველებს გარნიზონის ყველა ცოცხალი ჯარისკაცის სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხანაში იმყოფებოდნენ.

"დონბასის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლები დაკითხავენ ჩაბარებულ უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხანაში იმყოფებოდნენ,"- ამის შესახებ ინფორმაცია კომიტეტმა სოციალურ ქსელ Telegram-ში გამოაქვეყნა.

გამომძიებლები დაადგენენ" ნაციონალისტების" პირადობას, შეამოწმებენ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მათ მონაწილეობას და მოხდება დაკითხვების დროს მიღებული ინფორმაციის შედარება რუსეთის სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებულ სხვა მონაცემებთან.

უკრაინულ გამოცემა "ევროპეისკა პრავდას" ცნობით, ოთხშაბათს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს პროექტს, რომელიც კრძალავს ე.წ. "ნაცისტი კრიმინალების" ტყვედ გაცვლას, ხოლო 26 მაისს რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო განიხილავს უკრაინული პოლკის "აზოვის" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს.

წუხელ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო, რომლებიც გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, "აზოვსტალის" კიდევ 211 დამცველი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში, საიდანაც გენშტაბის თანახმად, „გაცვლის პროცედურით“ დააბრუნებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG