Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოჯოხეთი სრულდება? - რა ელით "აზოვსტალიდან" გამოყვანილ უკრაინელ სამხედროებს


„აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების, მათ შორის - დაჭრილების, გამოყვანა 16 მაისს მოულოდნელად დაიწყო და 17 მაისსაც გაგრძელდა. რა შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს ევაკუაცია და რა ბედი ეწევათ მათ? ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე ბევრ მნიშვნელოვან შეკითხვაზე პასუხი ბუნდოვანია.

თუმცა სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნათელს ჰფენს ზოგიერთ დეტალს და მთლიანი სურათის კონტურსაც გამოკვეთს.

რა ვიცით ამ ეტაპზე უკრაინელი მებრძოლების "აზოვსტალიდან" გამოყვანის პროცესზე?

დონეცკელი სეპარატისტის ნაამბობი

ვიდრე პროცესზე უკრაინული მხარე დაიწყებდა ლაპარაკს, 16 მაისს, დღის პირველ ნახევარში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბატალიონ „ვოსტოკის“ მეთაურმა, ალექსანდრ ხოდაკოვსკიმ, რუსეთის პროპაგანდისტულ „როსია 24“-ის ეთერში თქვა, რომ „აზოვსტალის“ შენობიდან უკრაინელი მებრძოლების ჯგუფი თეთრი დროშით რუსეთის მხარესთან მოსალაპარაკებლად გამოვიდა.

გადაცემის წამყვანმა, დასავლეთის მიერ სანქცირებულმა ოლგა სკაბეევამ, რომელსაც „პუტინის რკინის თოჯინას“ უწოდებენ, იქვე დაასკვნა, რომ უკრაინელი მებრძოლები რუსეთს ტყვედ ჩაბარდნენ. მოგვიანებით, ამავე თემაზე გამოქვეყნებული ვიდეოც იმავენაირად დაასათაურეს.

სკაბეევა გააკვირვა თავადაც გაკვირვებული ხოდაკოვსკის მონათხრობის დეტალებმა, რომ „რუსი ოფიცრები თეთრი დროშით გამოსულ ჯგუფს [უკრაინელ მებრძოლებს - რთ] პირდაპირ აზოვსტალში შეჰყვნენ, მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად“, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ „სახიფათოდ გამოიყურებოდა“.

რატომ ენდნენ რუსი ოფიცრები? - იკითხა სკაბეევამ.

„ჩვენთვისაც მოულოდნელობა იყო, როცა რუსი ოფიცრები, ღია და ხილულ ადგილზე დარჩენის ნაცვლად, თეთრდროშიანთა ჯგუფს გვირაბში შეჰყვნენ და გაუჩინარდნენ“, - ჰყვებოდა დონეცკელი სეპარატისტი; იქვე ვარაუდობდა, რომ მოლაპარაკებები ახალი დაწყებული არ იყო და „შედგა რაღაცნაირი კომუნიკაცია [მხარეებს შორის], რაც რუს ოფიცრებს ["აზოვსტალში" შესვლისას] თავს დაცულად აგრძნობინებდა“.

უკრაინელი მებრძოლების "აზოვსტალიდან" გამოყვანის პროცესი. 16 მაისი, 2022 წელი.
უკრაინელი მებრძოლების "აზოვსტალიდან" გამოყვანის პროცესი. 16 მაისი, 2022 წელი.

უკვე საღამოს, როდესაც ხოდაკოვსკის მეორედ დაუთმეს „როსია 24“-ის ეთერი და მან სიტყვა „ევაკუაცია“ ახსენა, წამყვანმა თითქოს შენიშვნაც მისცა.

რესპონდენტმა სიტყვა „ევაკუაცია“ შეცვალა სიტყვით „ჩაბარება“, მაგრამ მისი მონათხრობით, აშკარა გახდა, რომ „აზოვსტალის“ დატოვება მხოლოდ უკრაინელი სამხედროების გადაწყვეტილება არ იყო.

ხოდაკოსვკიმ თქვა:

  • "როგორც ვხვდებით, სრულდება გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ყველაზე მაღალ დონეზე, რომ მძიმედ დაჭრილები გაცვალონ რუს ტყვეებზე";
  • "უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე და გვთხოვეს განგვენაღმა გზის გარკვეული მონაკვეთები, რომ სამხედრო ტექნიკას მოძრაობის შესაძლებლობა ჰქონოდა";
  • "დაჭრილები გამოჰყავთ ან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ან პოლკ „აზოვის“ მებრძოლებს - გარჩევა ჭირს, ზუსტად რომელი დანაყოფიდან არიან".
Reuters-ის ინფორმაციით, 16 მაისს, გვიან ღამით „აზოვსტალიდან“ 10 ავტობუსი გამოვიდა. გავრცელებულ ფოტომასალაში ერთ ავტობუსს სიმბოლო Z აქვს მიხატული.
Reuters-მა, თვითმხილველზე დაყრდნობით, 17 მაისს დაწერა, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიიდან გამოვიდა, სულ ცოტა, 7 ავტობუსი, რომელთაგან ზოგიერთში დაჭრილი სამხედროები არ იყვნენ. სიმბოლო Z ამ კოლონაშიც ერია.

პრეზიდენტი ზელენსკი, 16 მაისს, გვიან ღამით თავის მიმართვაში მებრძოლებს გმირებს უწოდებს და ამბობს, რომ პროცესი „უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მოლაპარაკების ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ძალისხმევით“ მიმდინარეობს.

თუმცა ზელენსკი არ აზუსტებს, რომელ „მოლაპარაკების ჯგუფს“ გულისხმობს.

17 მაისს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შეწყვეტილია.

შესაძლებელია თუ არა, რომ შუამავლის როლს ასრულებდეს თურქეთი?

ამ ინფორმაციას არცერთი წყარო არ ადასტურებს. სეპარატისტები აცხადებენ, რომ ადგილზე თურქი სამხედროები ან თურქეთის სხვა წარმომადგენლები არ უნახავთ.

მანამდე თურქეთი მზად იყო, მარიუპოლის მცველები ომის დასრულებამდე თავის ტერიტორიაზე გადაეყვანა.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიას ტოვებენ ჯარისკაცები, რომლებმაც 82 დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რუსეთის ძალების (დაახლოებით 20-ათასიანი არმიის) შებოჭვაში, რათა მათ ეს დანაყოფები უკრაინის აღმოსავლეთით არ გადაესროლათ და უკრაინის არმიას მოეგო დრო გასაძლიერებლად.

სიცოცხლის გადარჩენა

16 მაისს, ვიდეომიმართვა გაავრცელა პოლკ „აზოვის“ მეთაურმა, დენის პროკოპენკომ. მისი სიტყვებით, მარიუპოლის მცველები ასრულებენ მთავარსარდლის ახალ ბრძანებას და იმედი აქვთ, რომ ხალხი მათ მხარს დაუჭერს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეგ რეზნიკოვმა 17 მაისს თქვა, რომ უკრაინელ სამხედროებს ახალი ბრძანება აქვთ - „გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე“. უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მარიუპოლის ალყის გარღვევა შეუძლებელი იყო.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 16 მაისს ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო და მარიუპოლის კიდევ 211 მცველი.
    • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ მათ „ტყვედ ჩაბარდა 265 ბოევიკი".

16 და 17 მაისს „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი ყველა მებრძოლი, დაჭრილებიცა და ჯანმრთელებიც, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს და, უკრაინის გენშტაბის თანახმად, „გაცვლის პროცედურითდაბრუნდებიან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

როდისთვის მოელიან გაცვლას?

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ყურადღებას ამახვილებს „აზოვსტალიდან“ გამოყვანილ დაჭრილებზე და ამბობს, რომ „მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ ჩვენ მათ [დაჭრილებს - რთ] გავცვლით რუსეთის სამხედრო ტყვეებზე“. ვერეშჩუკის თანახმად, მუშაობენ ჰუმანიტარული ოპერაციის მომდევნო ეტაპებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი გაცვლის შესახებ ინფორმაცია ბატალიონ „ვოსტოკის“ მეთაურისთვის, დონეცკელ სეპარატისტ ალექსანდრ ხოდაკოვსკისთვის საწყის ეტაპზევე ცნობილი იყო, 17 მაისს, რუსულმა მხარემ პროცესი სხვაგვარად განმარტა და დასჯაზე ალაპარაკდა.

გაცვლა თუ გასამართლება?

„ნაცისტ დამნაშავეებს არ უნდა შეეხოს გაცვლა. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ“, - განაცხადა 17 მაისს, რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

ვოლოდინმა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება დაავალა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რა პრინციპით განასხვავებენ უკრაინელ მებრძოლებს.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კარტაპოლოვმა მალევე განაცხადა, რომ შესაბამისი დადგენილების პროექტის განხილვა უკვე 18 მაისს იქნება შესაძლებელი.

დუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასახულია კომუნისტური პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის, გენადი ზიუგანოვის პოზიციაც. ის ამბობს, რომ „ფაშიზმსა და ნაციზთან ბრძოლა და ასევე უკრაინის დემილიტარიზაცია“ ისტორიული პროცესია და რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ მიზნების მისაღწევად.

დაარღვევს რუსეთი ტყვეთა გაცვლის შესახებ დადებულ პირობას?

ნაცისტებად რუსეთში ჯერ მხოლოდ პოლკ „აზოვს“ თვლიდნენ, ხოლო ბოლო პერიოდში ნაცისტებს ეძახიან მარიუპოლის ყველა მცველ მებრძოლს.
„აზოვის“ გარდა, მარიუპოლის მცველებს შორის იყვნენ 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები, მეხანძრეები, პოლიციელები.

„პოლიტიკური განცხადებები გათვლილია შიდა პროპაგანდასა და შიდაპოლიტიკურ პროცესებზე“, - „უნიანის“ თანახმად, ასე შეაფასა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის დუმაში გაკეთებული განცხადებები.

უკრაინელი სამხედროების გამოყვანა "აზოვსტალიდან". 17 მაისი, 2022 წელი.
უკრაინელი სამხედროების გამოყვანა "აზოვსტალიდან". 17 მაისი, 2022 წელი.

ტერორიზმის ბრალდებაც

თუმცა „რია ნოვოსტის“ ცნობით, პუტინი უფრო შორსაც წავა და პოლკ „აზოვს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

17 მაისს, დღის მეორე ნახევარში, სააგენტომ გაავრცელა იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, 26 მაისს, უზენაეს სასამართლოში გაიმართება „ადმინისტრაციული საქმის განხილვა "აზოვის" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ“.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მარიუპოლის მცველები უკვე სიცოცხლისთვის შეუთავსებელ ვითარებაზე ლაპარაკობდნენ და დაჭრილებისა და სხვა მებრძოლების დახმარებას მთელ მსოფლიოს სთხოვდნენ.
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს წარადგენს როგორც ექიმს „აზოვსტალიდან“, ჯერ კიდევ 10 დღის წინ ჰყვება BBC-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომ „დაჭრილები იღუპებიან მედიკამენტების არარსებობისა და საშინელი პირობების გამო“ და იღუპებიან ისეთებიც, რომელთა შველა ანტიბიოტიკებსაც შეეძლო.
ბოლო დღეებში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია საკვების მარაგის ბოლომდე ამოწურვისა და შიმშილით გარდაცვალების ფაქტების შესახებაც.

ბოლო ინფორმაციით, ევაკუაციამდე, „აზოვსტალში“ დარჩენილი იყო 2000 მებრძოლი და მათგან 600-მდე დაჭრილი იყო.

რატომ დაეთანხმა რუსეთი?

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთს სხვა გზა აღარ ჰქონდა, რადგან „აზოვსტალს“ ვერაფერი მოუხერხა და ამ უზარმაზარ „ციხესიმაგრეზე“ მიტანილი თითქმის უწყვეტი იერიში ძალიან ძვირი უჯდებოდა.

ხოლო მას შემდეგ, რაც უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალში“ აღარ იქნებიან, კრემლი შეძლებს, რომ მარიუპოლი აღებული ქალაქების ჩამონათვალს მიამატოს.

უკრაინული მედიასაშუალებები უკვე ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ მარიუპოლის ჩაბარებას კრემლი „კადიროველებისთვის“ გეგმავს, რათა „ურჩი ქალაქი ჭკუაზე მოიყვანოს“.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მარიუპოლს დაიბრუნებს მაშინვე, როცა დასავლეთის თანამედროვე შეიარაღება უკრაინაში კრიტიკულ რაოდენობას მიაღწევს და უკრაინელებს შეტევაზე გადასვლის შანსი გაუჩნდებათ.

11 მნიშვნელოვანი დეტალი მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ შესახებ:
  • დონეცკის ქალაქი მარიუპოლი ალყაში 2022 წლის 2 მარტს მოექცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მე-7 დღეს. ბოლო დროს უკრაინაში დაიწყო დისკუსიები შესაძლო ღალატთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით არაფერი დასტურდება;
  • რუსეთის არტილერიამ მარიუპოლის დაბომბვა უკრაინაში შეჭრის პირველსავე დღეს, 24 თებერვალს, დაიწყო და თანდათან, სარაკეტო ავიაიერიშებით, დაანგრია საცხოვრებელი კორპუსებიც და ქალაქი მიწასთან გაასწორა;
  • ალყაშემორტყმულ ქალაქში თანდათან ილეოდა საკვებიც და პარალელურად, თავშესაფრებში დამალული მოსახლეობა საკვების მოსაპოვებლად გარეთ ვერ გადიოდა;
  • დაუზუსტებელი ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი 20 ათასს უტოლდება;
  • მარიუპოლიდან გაყვანილი ადამიანების დიდი ნაწილი რუსეთის მხარემ ძალდატანებით დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა; მარტის ბოლოს კიევი აცხადებდა, რომ მათი რიცხვი 20-30 ათასი იყო;
  • 24 მარტს რუსული ნაწილები მარიუპოლის ცენტრში გამოჩნდნენ;
  • 16 აპრილს რუსეთის მხრიდან გავრცელდა განცხადება, რომ ქალაქის ყველა რაიონი გაიწმინდა და მოწინააღმდეგე მხოლოდ „აზოვსტალის“ კომბინატში იყო გამაგრებული;
  • 16 აპრილის შემდეგ, რუსეთის არმიამ კომბინატის შენობის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, მათ შორის - 3-ტონიანი ბომბებით, ე.წ. ფოსფორისა და ბუნკერის ბომბებით;
  • 18 აპრილს „აზოვმა“ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებდა, რომ კომბინატის ტერიტორიაზე იყვნენ სამოქალაქო პირები, მათ შორის - ბავშვები და ქალები;
  • კომბინატის ძველი შენობიდან პირველი ნაკადის - 100-მდე ადამიანის გამოყვანა პირველად 1 მაისს მოხერხდა, წითელი ჯვრისა და გაეროს ჩარევით;
  • რუსეთის ხელისუფლებამ 3-ჯერ მიმართა ულტიმატუმით მარიუპოლის მცველებს, თუმცა სამჯერვე უარი მიიღო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG