Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბალტიის ზღვა ნატოს ტბად გადაიქცევა“ - გენერალი პეკა ტოვერი, ფინური სამხედრო დაზვერვის ყოფილი შეფი


გენერალ-მაიორი პეკა ტოვერი
გენერალ-მაიორი პეკა ტოვერი

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ თავდაცვის დიდი შესაძლებლობებით. ფინეთში გვწამს, რომ ქვეყნის თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსახლეობის მზადყოფნა და სურვილი, საკუთარი ქვეყანა დაიცვას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ფინეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი პეკა ტოვერი. ვაჟა თავბერიძე გენერალ ტოვერის ფინეთის ნატოში შესვლის გადაწყვეტილებაზე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატოს წევრობაზე განაცხადის შეტანა - გადაწყვეტილი ამბავია? უნდა ველოდოთ, რომ მადრიდის სამიტზე მხარეები უკვე პროტოკოლს მოაწერენ ხელს?

გენერალი პეკა ტოვერი: დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ქვეყანა შეიტანს განაცხადს, მადრიდის სამიტზე კი ნატო უკვე ოფიციალურად მიიწვევს ფინეთსა და შვედეთს და რატიფიკაციის პროცესი დაიწყება.

ერდოანს უნდა, ფინეთის საკითხი „გამოწველოს“ - ნახოს, რას გამორჩება ამერიკას და ნატოს ამაზე დათანხმების სანაცვლოდ.

რადიო თავისუფლება: რამდენად სწრაფი იქნება ეს პროცესი? როგორც წესი, მიწვევის შემდეგაც კი ნატოში გაწევრების პროცესს ერთი წელი მაინც სჭირდება, ზოგჯერ წლებიც.

პეკა ტოვერი: ძნელი სათქმელია, მაგრამ არ მგონია, ამას ერთი წელიწადი დასჭირდეს, მით უმეტეს, წლები. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს ალიანსის დანარჩენი წევრები, რომ ამ პროცესის გაჭიანურება არ ღირს. ვიტყოდი, რომ ნატოს წევრობას წლის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ, რატიფიკაციის პროცესს ალბათ ნახევარი წელი ან ცოტა მეტი დასჭირდება.

რადიო თავისუფლება: ელოდებით თუ არა დაბრკოლებებს ამ გზაზე? თურქეთი, უნგრეთი და ხორვატიის პრეზიდენტიც კი - უკვე გამოჩნდნენ აქტორები, რომლებიც ამ საკითხის მიმართ ენთუზიაზმს არ იჩენენ. აშშ-ს მოუწევს მათი დარწმუნება?

პეკა ტოვერი: ხორვატიის პრეზიდენტს, როგორც ვხედავ, „განსაკუთრებული“ ურთიერთობა აქვს მოსკოვთან, მაგრამ, საბედნიეროდ, ხორვატიაში ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერი და მთავრობა იღებენ და მათ კარდინარულად სხვა მიდგომა აქვთ. რაც შეეხება თურქეთს, აქ უფრო ჩახლართულ და საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, ერდოანს უნდა, როგორც ფინეთში ვიტყოდით, ეს საკითხი ძროხასავით „გამოწველოს“, ნახოს, რას გამორჩება ამერიკასა და ნატოს დათანხმების სანაცვლოდ. არც ის მგონია, რომ უნგრეთის პოზიცია იქცევა თავსატეხად - უნგრეთი დიდ ფულს იღებს ევროკავშირისგან და არა მგონია, პრეზიდენტ ორბანს უღირდეს მისი ისედაც დელიკატური პოზიციის კიდევ უფრო დამძიმება და ევროკავშირისა და ნატოს საბოლოოდ გადაკიდება მხოლოდ იმის გამო, რომ ფინეთს საქმე გაურთულოს.

პუტინმა ეს ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს... წლების განმავლობაში ბალანსი გვქონდა რეგიონში, და სწორედ პუტინმა გადაწყვიტა ამ ბალანსის დარღვევა და შეცვლა.

რადიო თავისუფლება: ფინეთი და შვედეთი ნატოში - როგორ შეცვლის ეს ე.წ. უსაფრთხოების პარადიგმას რეგიონში, რუსეთთან მიმართებით?

პეკა ტოვერი: რუსეთის გადმოსახედიდან ეს დიდი დარტყმაა, რადგან ბალტიის ზღვა პრაქტიკულად ნატოს ტბად გადაიქცევა. რუსეთს დარჩება რამდენიმე ასეული კილომეტრის ნაპირი, რომელიც 99 პროცენტით ნატოს ქვეყნებით იქნება შემოსაზღვრული, ასე რომ, რუსების შესაძლებლობა, ეს სივრცე სამხედრო მანევრებისთვის გამოიყენონ, პრაქტიკულად ნულის ტოლი გახდება.

რადიო თავისუფლება: ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს უკვე ციტატებად დატაცებულ სიტყვაზე მინდა გკითხოთ. „თუ რუსებს ეს არ მოსწონთ, სარკეში ჩაიხედონ“, - თქვა მან. რამდენად უნდა „დაადანაშაულოს“ საკუთარი თავი პუტინმა ამ ყველაფერში?

პეკა ტოვერი: ეს თავიდან ბოლომდე პუტინის ბრალია. წლების განმავლობაში, რუსეთი ამბობდა, რომ ფინეთი ნატოში არ უნდა შევიდეს - ამაზე ჩვენი პასუხი იყო, რომ ამას ფინეთი წყვეტს და არა რუსეთი. მაგრამ დეკემბერში პრეზიდენტ პუტინის რიტორიკა შეიცვალა, „არ უნდა შევიდეს“ იქცა „ვერ შეხვალთ, ამის უფლებას არ მოგცემთ“ - პუტინი ღიად დაგვემუქრა, რომ ამას „შედეგები მოჰყვებოდა“. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არ გვეჭაშნიკა. უკრაინაში აგრესიისას ვნახეთ, რომ პუტინი არ ერიდება ძალის გამოყენებას სლავი ერის წინააღმდეგაც კი. სწორედ ამას გულისხმობდა ჩვენი პრეზიდენტიც, როდესაც თქვა: „სარკეში ჩაიხედეთ, ეს თქვენი ბრალია“. წლების განმავლობაში ბალანსი გვქონდა რეგიონში, და სწორედ პუტინმა გადაწყვიტა ამ ბალანსის დარღვევა და შეცვლა.

ჩვენი საჰაერო თავდაცვა და ავიაცია კარგ ფორმაშია, აი, რუსებისა კი... უკრაინაში ვნახეთ, რა „მაგრებიც“ არიან.

რადიო თავისუფლება: პუტინის თქმით, მისთვის მთავარი საზრუნავია არა ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა, არამედ ის, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არ განლაგდეს. უნდა ველოდოთ ამას? ნატოს ბაზებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ა.შ. ფინეთში?

პეკა ტოვერი: ამაზე გადაჭრით პასუხის გაცემა ძნელია, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები. არ მგონია, რომ ფინეთში ნატოს ბაზებს ვიხილავთ. თუ ნატოს დანაყოფები ჩამოვლენ, მათ ალბათ შეეძლებათ უკვე არსებული, ფინური ბაზები გამოიყენონ, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში გავაფართოებთ. რაც შეეხება შორი დისტანციის საჰაერო/ბალისტიკური თავდაცვის სისტემებს, ამ მხრივ მეტ საჭიროებას ვხედავ, ვიდრე დიდი რაოდენობით ნატოს ჯარების განლაგებისას ფინეთში.

ნატოში გაწევრების შემთხვევაშიც კი ქვეყნის დაცვის პასუხისმგებლობა 99 პროცენტით სწორედ ისევ ჩვენ, ფინელებს გვეკისრება. მოდუნების უფლება არ გვაქვს.

რადიო თავისუფლება: ის „სამხედრო-პოლიტიკური ზომები“, რომლის მიღებითაც კრემლი გემუქრებათ - ცარიელი მუქარაა? რა ძალუძს რუსეთს?

პეკა ტოვერი: ვიტყოდი, რომ რუსების შესაძლებლობები ამ მხრივ საკმაოდ შეზღუდულია. ტრადიციულად ისინი იყენებდნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ზეწოლას. პოლიტიკურ ბერკეტს ვეღარ გამოიყენებენ, რადგან ფინეთში არაა ისეთი პრორუსული პოლიტიკური ძალა, რომელსაც რაიმე გავლენის მოხდენა შეეძლებოდა საზოგადოებრივ აზრზე. ეკონომიკური გავლენა ძალიან მცირეა, რადგან ომამდეც კი, რუსეთთან ნავაჭრი ფინეთის საერთო მიმოქცევის 5 პროცენტს შეადგენდა, ომმა ის გაანახევრა და კიდევ იკლებს. შეუძლიათ, გაზი გაგვითიშონ, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიბმული რუსულ გაზზე, საუბარია მიზერულ პროცენტზე, რომლის ჩანაცვლებასაც ალბათ რამდენიმე კვირა დასჭირდება, მეტი არა - ასე რომ, ჩვენი ეკონომიკის დამუხრუჭებისთვის საჭირო ბერკეტები რუსებს არ აქვთ. რაც შეეხება სამხედრო ზეწოლას - მათი დანაყოფები უკრაინაში არიან „გართულები“, და ფინეთისთვის არ ცხელათ. ბირთვული იარაღის გარდა, ტრადიციული სამხედრო გადმოსახედიდან რუსეთს არაფერი გააჩნია, რითაც ფინეთის დამოუკიდებლობას ან არსებობას დაემუქრებოდა და ამ გადაწყვეტილებას გადააფიქრებინებდა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც თავდაცვით ხელშეკრულებებს მოვაწერეთ ხელი ბრიტანეთსა და ნატოს რამდენიმე ქვეყანასთან, რომლის მიხედვითაც, ისინი ვალდებულებას იღებენ, დაგვეხმარონ, თუ ფინეთს თავს დაესხმებიან. ეს უსაფრთხოების გარანტია არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი შემაკავებელი კომპონენტია, რაც ფინეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს ნატოში ოფიციალურად გაწევრებამდე.

ფინეთში გვწამს, რომ ქვეყნის თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსახლეობის მზადყოფნა და სურვილი, საკუთარი ქვეყანა დაიცვას.

რადიო თავისუფლება: და მაინც, რუსეთთან 1340-კილომეტრიანი საზღვარი გაქვთ - არსებობს თუ არა შეშფოთების საფუძველი, რომ რუსეთი იქ რაიმეს „იმაიმუნებს“?

პეკა ტოვერი: [იცინის] საქმე ისაა, რომ ამ საზღვრის 90 პროცენტი ტყეა და, შესაბამისად, გამოუსადეგარია სამხედრო ტექნიკის გადასაადგილებლად. სამხრეთის მიმართულებით კი შეუძლიათ გზები გამოიყენონ, მაგრამ სახმელეთო ჯარები არ ჰყავთ, საზღვრის გასწვრივ პოსტები დაცარიელებულია. თეორიულად შეუძლიათ, ბედი საჰაერო თავდასხმაში სცადონ, მაგრამ ჩვენი საჰაერო თავდაცვა და ავიაცია კარგ ფორმაშია, აი, რუსებისა კი... უკრაინაში ვნახეთ, რა „მაგრებიც“ არიან და ვერ ვიტყოდი, რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ასე რომ, ეს რუსეთისთვის დიდი რისკი იქნებოდა. ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ალბათ კომუნიკაციების შეფერხებაა, რადგან ლოგისტიკურად ფინეთი ფაქტობრივად კუნძულია, სამხრეთით კი, კალინინგრადთან, რუსეთის საზღვაო ძალებია თავმოყრილი. მაგრამ სწორედ ამიტომ გავაფორმეთ ზემოხსენებული თავდაცვითი ხელშეკრულებები ნატოს წევრ ქვეყნებთან, რომ თუ ასეთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, დაგვეხმარონ - საზღვაო ძალების მხრივ ნატოს შეუდარებლად დიდი უპირატესობა აქვს ბალტიის ზღვაში.

რადიო თავისუფლება: ფინეთის სამხედრო ძალები უკვე აკმაყოფილებენ ნატოს სტანდარტებს, მაგრამ იქნება თუ არა ცვლილებები ფინეთის ცნობილ სამხედრო გაწვევის სისტემაში? (27 000 ახალწვეული ყოველ წელს, მამაკაცების 80 პროცენტი სამხედრო მომზადებას გადის, საომარ პერიოდში ფინეთს შეუძლია 900 000-იანი სამხედრო რეზერვის იმედი ჰქონდეს - რედ.)

პეკა ტოვერი: არა, ამ მხრივ ცვლილებებს არ ველოდებით. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ თავდაცვის დიდი შესაძლებლობებით. ფინეთში გვწამს, რომ ქვეყნის თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსახლეობის მზადყოფნა და სურვილი, საკუთარი ქვეყანა დაიცვას - ამ სურვილის კულტივირება კი სამხედრო გაწვევით ხდება, რადგან ამ გზით ყველა ოჯახი გამოდის ჩართული ქვეყნის თავდაცვაში. როდესაც ცივი ომი დამთავრდა, ბევრმა ქვეყანამ სავალდებულო გაწვევა გააუქმა, შედეგად, ამ ქვეყნებში მკვეთრად იკლო მოსახლეობის სურვილმა და მზადყოფნამ, დაეცვათ საკუთარი ტერიტორია. ჩვენ მსგავსი ფუფუნების უფლებას ვერ მივცემთ თავს - რადგან ნატოში გაწევრების შემთხვევაშიც კი ქვეყნის დაცვის პასუხისმგებლობა 99 პროცენტით სწორედ ისევ ჩვენ, ფინელებს გვეკისრება. მოდუნების უფლება არ გვაქვს.

[უკრაინელებს[ რუსეთის ქვეშევრდომობას ურჩევნიათ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლონ.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, ფიქრობთ თუ არა, რომ ის ფაქტი, რომ ფინეთი ნატოში შედის, წერტილს დაუსვამს დისკუსიებს უკრაინისთვის ე.წ. ფინლანდიზაციის მოდელის ძიებაზე?

პეკა ტოვერი: ვფიქრობ, რომ დიახ, ასე იქნება. პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე ეს იდეა დაასამარა. იმ წამს, როდესაც მან უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ იმ წამიდან მისთვის უკრაინული ერი დაკარგული იყო. განსაკუთრებით იმ სისასტიკეებისა და ომის დანაშაულების გათვალისწინებით, რაც რუსებმა უკრაინაში ჩაიდინეს. უკრაინელები მათ ამას არასოდეს აპატიებენ. რუსეთის ქვეშევრდომობას ურჩევნიათ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლონ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG