Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა თავის მოქალაქეებს საქართველოში ავტომანქანით გამგზავრების შეზღუდვა მოუხსნა 


რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი
რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გაუქმდა საქართველოსა და დონბასის „სახალხო რესპუბლიკებში" გასამგზავრებლად საავტომობილო და სხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციები. 14 მაისს მიღებული დოკუმენტი, 17 მაისს ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

ცვლილების თანახმად, სამართლებრივ აქტში დაამატეს დონეცკის „სახალხო რესპუბლიკა", ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკა" და საქართველო.
ცვლილების თანახმად, სამართლებრივ აქტში დაამატეს დონეცკის „სახალხო რესპუბლიკა", ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკა" და საქართველო.

ცვლილებები შევიდა 2020 წლის 27 მარტის განკარგულებაში, რომელიც დროებით ზღუდავდა საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, მდინარის და შერეული გამშვები პუნქტებით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ასევე მოქმედებდა საგამონაკლისო სია.

ახალი დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები აღარ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოში, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებში".

აქამდე ავტომანქანით სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები არ ვრცელდებოდა ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ასევე, მონღოლეთის, ყაზახეთის და ჩინეთის მიმართულებებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მარტში საქართველოში შემოვიდა და დარჩა რუსეთის 17 201 მოქალაქე.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, საქართველოში რუსეთიდან შემომსვლელთა და გამსვლელთა რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ შეიმჩნეოდა.

2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემოსულ და გასულ პირებს შორის სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების მაჩვენებელი 559%-ით არის გაზრდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG