Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ მარიუპოლს ქოლერის გავრცელების საფრთხე ემუქრება


მარიუპოლის მცხოვრები დანგრეულ სახლთან. 2022 წლის 15 მაისი
მარიუპოლის მცხოვრები დანგრეულ სახლთან. 2022 წლის 15 მაისი

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის წყლით მომარაგების და საკანალიზაციო სისტემების დაზიანების გამო შესაძლებელია ინფექციური დაავადებების, მათ შორის, ქოლერის გავრცელება. ამის შესახებ, როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, 17 მაისს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა საგანგებო სიტუაციების საკითხებში, დორიტ ნიცანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მარიუპოლის ქუჩები დაჭაობებულია და კანალიზაციის წყალი სასმელ წყალშია შერეული, რაც არაერთი ინფექციის, მათ შორის ქოლერის გავრცელების საფრთხეს ქმნის. ნიცანის თანახმად, მარიუპოლის წყალმომარაგება ნაწილობრივ აღდგენილია, თუმცა, მილების დიდი ნაწილი დაზიანებულია.

დორიტ ნიცანის განცხადებით, მარიუპოლში 2011 წლამდე იყო ქოლერის შემთხვევები, ამიტომ ქალაქის მცხოვრებთა დასახმარებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამზადებს ქოლერის საწინააღმდეგო კომპლექტებს და ვაქცინებს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე. მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა და საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა 20 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, მარიუპოლში უმძიმეს პირობებში რჩება 100 ათასზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 400 ათასს აჭარბებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG