Accessibility links

site logo site logo

Reuters: "აზოვსტალიდან" გაყვანილი უკრაინელი მებრძოლების ნაწილი ოლენივკის საპატიმროშია


ავტობუსები უკრაინელი მებრძოლებით, რომლებმაც "აზოვსტალის" ტერიტორია 17 მაისს, საღამოს დატოვეს რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ შვიდი ავტობუსით გაყვანილი უკრაინელი მებრძოლები რუსეთის მიერ კონტროლირებულ სოფელ ოლენივკაში, ხელახლა გახსნილ საპატიმროში მიიყვანეს. ამის შესახებ თვითმხილველმა აცნობა სააგენტო Reuters-ს.

17 მაისს, საღამოს, პირველმა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით, „აზოვსტალის“ ტერიტორია დატოვა შვიდმა ავტობუსმა, რომლებშიც უკრაინელი მეომრები იმყოფებოდნენ. მათი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო 11 მაისს, ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ დონეცკის ოლქის ოკუპირებულ სოფელ ოლენივკაში, ყოფილი კოლონიის ნაცვლად გახსნილია „საფილტრაციო ბანაკი“, სადაც გაუსაძლის პირობებში ჰყავთ უკრაინელი სამხედროების ნათესავები, სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები, აქტივისტები, ჟურნალისტები და სხვა, რუსეთისთვის „საეჭვო“ ადამიანები.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოს, ТАСС-ის ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინელი სამხედროების დაკითხვას აპირებს "უკრაინის რეჟიმის დანაშაულთა" გამოძიების ფარგლებში.

მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია 16 მაისს, საღამოს დაიწყო. პირველ დღეს "აზოვსტალიდან" გაიყვანეს 260-ზე მეტი მეომარი, მათ შორის 50-ზე მეტი მძიმედ დაჭრილი.

მარიუპოლის დამცველები გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკსა და სოფელ ოლენივკაში, რომლებიც რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავის მებრძოლებს რუს ტყვეებში გაცვლის. ამას ეწინააღმდეგება რუსეთის დუმა, რომელიც დღეს, 18 მაისს აპირებს შესაბამისი დადგენილების მიღებას.

"აზოვსტალის" დამცველთა შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების, მესაზღვრეების, პოლიციელების და მოხალისეების გარდა, არიან პოლკ "აზოვის" მებრძოლები. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 17 მაისს, უზენაეს სასამართლოს მიმართა, "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

რუსული არმიის ალყაში მყოფ მარიუპოლში მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორია რჩებოდა ქალაქის ერთადერთ რაიონად, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. რუსეთი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვდა იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებოდნენ.

სიტუაცია კრიტიკული გახდა "აზოვსტალის" დამცველთა რესურსების თითქმის ამოწურვის და დაჭრილთა უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო. 16 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა საბრძოლო ამოცანები და უმაღლესმა სარდლობამ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა. იმავე დღეს, ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას თავისი გმირები ცოცხალი სჭირდება, ამიტომ, უკრაინელი სამხედროების, მზვერავების და საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით დაიწყო მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე. მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა და საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა 20 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, მარიუპოლში უმძიმეს პირობებში რჩება 100 ათასზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 400 ათასს აჭარბებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG