Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: ადამ დელიმხანოვი მარიუპოლში ასრულებდა ჩეჩენთა საველე მეთაურის ფუნქციას


ჩეჩენთა ბატალიონ "ახმადის" წევრები უკრაინის ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის 17 აპრილი
ჩეჩენთა ბატალიონ "ახმადის" წევრები უკრაინის ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის 17 აპრილი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფება ჩეჩნეთიდან გაგზავნილი რამდენიმე ათასი მებრძოლი, რომლებიც ძირითადად, კონცენტრირებულნი არიან მარიუპოლის და ლუგანსკის რაიონებში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 18 მაისს გამოქვეყნებული შეფასებით, რომელიც სამხედრო დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, მარიუპოლის რაიონში დიდი დანაკარგების გამო, რუსული არმია იძულებული გახდა ქალაქის შტურმში ჩაერთო დამატებითი, არარეგულარული ქვედანაყოფები, მათ შორის ჩეჩნეთიდან.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, როგორც ჩანს, ეს ძალები შედგება მოხალისეებისა და ეროვნული გვარდიის შენაერთებისგან, რომელთა ძირითადი ფუნქციაა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ხელისუფლების მხარდაჭერა და ამ კონტინგენტს პირადად კადიროვი აკონტროლებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო იმასაც წერს, რომ, როგორც ჩანს, მარიუპოლში ჩეჩენთა საველე მეთაურის ფუნქციას ასრულებდა ადამ დელიმხანოვი. რუსეთის დუმის დეპუტატი დელიმხანოვი კადიროვის უახლოესი თანამოაზრე და სხვადასხვა წყაროს თანახმად, მისი ნათესავიცაა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის მიერ ბრძოლის ველზე არაერთგვაროვანი სამხედრო შემადგენლობის გაგზავნა იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს უკრაინაში მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, თუმცა, ბოლო დრომდე, ინტენსიური შტურმის მიუხედავად, ვერ ახერხებდნენ მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" რაიონის აღებას. "აზოვსტალს" თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ პოლკ "აზოვის", უკრაინის არმიის, სასაზღვრო და საპოლიციო ძალების მებრძოლები და მოხალისეები.

16 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა საბრძოლო ამოცანები და უმაღლესმა სარდლობამ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა. იმავე დღეს, ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას თავისი გმირები ცოცხალი სჭირდება, ამიტომ, უკრაინელი სამხედროების, მზვერავების და საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით დაიწყო მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია.

16-17 მაისს, რუსმა სამხედროებმა უკრაინელი მებრძოლები, მათ შორის მძიმედ დაჭრილები, ავტოკოლონებით გადაიყვანეს დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოაზოვსკსა და სოფელ ოლენივკაში, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "აზოვსტალის" დამცველებს "ტყვედ ჩაბარებულებს" უწოდებს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავის მებრძოლებს რუს ტყვეებში გაცვლის. "აზოვსტალიდან" გაყვანილი უკრაინელი მეომრების ზუსტი რიცხვი უცნობია.

მარიუპოლის ლეგიტიმური საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, თითქმის 3-თვიანი სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა და საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა 20 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, მარიუპოლში უმძიმეს პირობებში რჩება 100 ათასზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 400 ათასს აჭარბებდა.

XS
SM
MD
LG