Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის გამოძიება ე.წ. მოსმენების საქმეზე ეფექტიანად არ მიმდინარეობს - არასამთავრობოები


საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, 2021 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკოსების და სხვა პირთა შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების პროცესი ეფექტიანად არ მიმდინარეობს.

მათ მიაჩნიათ, რომ თბილისის პროკურატურის რეაგირება არსებითად არაეფექტიანია და სამართლებრივი შედეგის დადგომას არ ისახავს მიზნად.

"გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, ამ დრომდე არ არის გამოკითხული შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა ნაწილი, ხოლო უკვე გამოკითხული პირებიდან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ და სასამართლომ ყველას დაუსაბუთებელი უარი განუცხადა. დანაშაულის მსხვერპლებისთვის, დაზარალებულის სტატუსის არარსებობის პირობებში, გამოძიების მიმდინარეობის, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათი შედეგების თაობაზე ინფორმაცია ხელმიუწვდომელი რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, გავრცელებული მონაცემები ცხადყოფს, რომ დანაშაული, თავისი მასშტაბის, ინტენსივობისა და ხასიათის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელთა მიერაა ჩადენილი.

"ხაზგასასმელია, რომ, სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების/თვალთვალის ადრესტებმა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა/ორგანიზაციებმა არაერთხელ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას ეფექტიანი გამოძიებისა და ბენეფიციარებისათვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა განცხადებები ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია. დაზარალებულად ცნობაზე სხვადასხვა მიზეზით უარს აცხადებს სასამართლოც. რიგ შემთხევებში, ფარული მოსმენა-მიყურადების მსხვერპლები, მიმართვის მიუხედავად, პროკურატურას საერთოდ არ გამოუკითხავს და მათ მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, უცნობია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ უცნობია ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა გამოკითხვის, შესაბამისი ექსპერტიზებისა და სხვა, დამნაშავეთა გამოვლენისა და დასჯისთვის საჭირო მოქმედებების ჩატარების თაობაზე.

"ეს ინფორმაცია არ აქვთ არც მსხვერპლებს და არც საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს. გამოძიება არ არის ეფექტიანი, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა პირადი ცხოვრების, სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციითა და კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ხოლო მსხვერპლებს არ უტოვებს შესაძლებლობას, მათი უფლებები ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ:

  • გამოჰკითხოს ყველა პირი, ვინც შესაძლო დანაშაულის ფარგლებში უფლების დარღვევის საჩივრით/განცხადებით მიმართა;
  • დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს ყველა მსხვერპლს, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაციის ფარგლებში ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურეს;
  • ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, გამოჰკითხოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი, ვისაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს სავარაუდო სისტემურ დანაშაულთან;
  • მსხვერპლებს/დაზარალებულებს და საზოგადოებას მიაწოდოს სანდო და სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • მედიაომბუდსმენი;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

"საიდუმლო ფაილები" 2021 წელს რამდენიმე ეტაპად, სხვადასხვა ფორმით გასაჯაროვდა. მათი ნაწილი, რომელშიც მედიის წარმომადგენლების მოსმენის ჩანაწერები იყო ასახული, "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა, ნაწილი, რომელიც ეკლესიის წევრების მოსმენის ჩანაწერებს აერთიანებს, სპეციალურად შექმნილი ვებსაიტის საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი მედიისთვის.

სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენისა და მიყურადების მსხვერპლია რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძეც, რომელსაც ასევე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. გიორგიმ, გარდა პროკურატურისა, სასამართლოსაც მიმართა, მის მიმართ ფარული მოსმენის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რაზეც უარი მიიღო და ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

აღნიშნულ საქმეებზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ("ა" ქვეპუნქტი) ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას და გავრცელებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG