Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ტანმოვარჯიშეს ფორმაზე გამოსახული Z-ის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭეს


ივან კულიაკი ფორმაზე გამოსახული Z-ით
ივან კულიაკი ფორმაზე გამოსახული Z-ით

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარულმა კომისიამ ერთი წლით დისკვალიფიკაცია მიანიჭა რუს ტანმოვარჯიშე ივან კულიაკს, რომელიც მედლების გადაცემის ცერემონიალზე ფორმაზე გამოსახული Z-ით გამოვიდა. ამის თაობაზე ინფორმაციას ფედერაცია ავრცელებს.

კომისიამ მიიჩნია, რომ სპორტსმენმა დაარღვია როგორც ფედერაციის წესდება და ეთიკური კოდექსი, ასევე ტექნიკური რეგლამენტი. კულიაკი ვალდებულია დააბრუნოს ბრინჯაოს მედალი და 500 შვეიცარიული ფრანკი, ასევე გადაიხადოს სასამართლოს ხარჯი 2 ათასი ფრანკის ოდენობით.

შემთხვევა მოხდა დოჰაში, სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ივან კულიაკმა პარალელურ ორძელზე შეჯიბრისას ბრინჯაოს მედალი აიღო. გაიმარჯვა უკრაინელმა სპორტსმენმა ილია კოვტუნმა.

დაჯილდოების კადრებზე ჩანს, რომ კულიაკს ფორმაზე Z წებოვანი ლენტით ჰქონდა დაკრული. ამ ლათინურ ასოს რუსეთის პროპაგანდა იყენებს, როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ რუს და ბელარუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა. ამასთან, ზოგ მათგანს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს იმის გამო, რომ სახალხოდ დაუჭირეს მხარი რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG