18 მაისს ნატოს წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა იმის შესახებ, დაიწყოს თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები ფინეთთან და შვედეთთან, აცხადებენ დიპლომატები იმ ფონზე, როცა თურქეთმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი წინააღმდეგობა ჩრდილოეთის ამ ორი სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ.
ნატოს ელჩებმა შეხვედრა გამართეს ბრიუსელის შტაბ-ბინაში, მას შემდეგ, რაც ფინეთის და შვედეთის ელჩებმა გაწევრიანების თაობაზე ალიანსს ოფიციალური წერილებით მიმართეს - რაც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გეოპოლიტიკურ შედეგს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისა, რომელმაც, შესაძლოა, გადაწეროს ევროპის უსაფრთხოების რუკა.
შეხვედრის შესახებ ამ ცნობას "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს და იუწყება, რომ მისმა წყაროებმა, რომელთა ვინაობასაც სააგენტო ანონიმურად ტოვებს, არ დააკონკრეტეს კერძოდ რა ან ვინ უშლის ხელს პროცედურის ხორცშესხმას.
დეტალებს არც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ შეხვედრები და დიპლომატიური ძალისხმევა კვლავაც გრძელდება.
თურქეთი ალიანსის ერთადერთი წევრია, რომელმაც ღიად გამოხატა წინააღმდეგობა ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ფინეთმა და შვედეთმა მეტი პატივისცემა უნდა გამოავლინონ თურქეთის სატკივარზე, რომელიც ტერორიზმს უკავშირდება. ერდოანი უარს ამბობს დათმობაზე წავიდეს, მისი თქმით, ამ ქვეყნების მხრიდან ქურთი ექსტრემისტების მხარდაჭერის გამო. ერდოანი ფინეთს და შვედეთს ადანაშაულებს თვალის დახუჭვაში აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მოქმედებების მიმართ - იმის მიუხედავად, რომ ეს ჯგუფი ევროკავშირის ანტიტერორისტულ შავ სიაშია შეყვანილი.
დაწერეთ კომენტარი