Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

142 629 ლარის მითვისებისთვის დაკავებულია სოფელ დერცელის სკოლის ყოფილი ბუღალტერი


საჯარო სკოლა სოფელ დერცელში. ადიგენის რაიონი
საჯარო სკოლა სოფელ დერცელში. ადიგენის რაიონი

გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას ადიგენის რაიონის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, დაკავებულმა 2019-2021 წლებში 142 629 ლარი სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა დერცელის სკოლის დირექტორმა მერაბ ბერიძემ, ქალი, რომელიც პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა, გასული წლის სექტემბერში საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა სკოლიდან. ის ადიგენში ცხოვრობდა და ამ სკოლაში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები არ ჰქონია არც მისი სკოლაში საქმიანობის დროს და არც სამსახურიდან წასვლის შემდეგ. დერცელის სკოლის დირექტორი პროკურატურას გამოძიების ფარგლებში მოწმედ ჰყავს დაკითხული და როგორც ამბობს, ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

დაკავებული ყოფილი ბუღალტრისთვის პროკურატურა სასამართლოსგან პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სოფელ დერცელის სკოლაში სულ 44 მოსწავლე სწავლობს. ამ სკოლასთანაა შერწყმული სოფელ კიკიბოს დაწყებითი სკოლაც, რომელიც წლების განმავლობაში ვაგონში ფუნქციონირებდა ერთი მოსწავლისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG