Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში 12 ადამიანი დაიღუპა რუსეთის არმიის პოზიციებიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად


16 აპრილი 2022, უკრაინელი ჯარისკაცი სევეროდონეცკში

უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა განაახლეს ქალაქის დაბომბვა, რასაც დღეს 12 ადამიანი ემსხვერპლა.

"ორკებმა დილიდანვე ქაოსურად დაიწყეს საოლქო ცენტრი დაბომბვა მძიმე იარაღიდან. დაბომბვა ამ წუთებშიც გრძელდება. ძირითადად დამიზნებით ესვრიან საცხოვრებელ სახლებს. სევეროდონეცკში ამჟამად დაიღუპა 12 და დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ", - დაწერა სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ.

გაიდაიმ აღნიშნა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რადგან დაბომბვის ქვეშ მყოფი ტერიტორიის შესწავლა შეუძლებელია.

გაეროს თანახმად უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში არაპროვოცირებული ინტერვენცია განახორციელა მეზობელ უკრაინაში. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ 9 მაისამდე მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 3381 ადამიანი, მათ შორის 235 ბავშვი, ხოლო 3680 ადამიანმა სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო.

გაეროს დირექტორატის ცნობით, სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, განადგურების ფართო არეალით, მათ შორის მძიმე არტილერიით და მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარების, ასევე სარაკეტო და საჰაერო იერიშების შედეგად. "OHCHR მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთ ადგილას, სადაც ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, გადაიდო და ბევრი მოხსენება ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას", - ნათქვამია ანგარიშში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქალაქებში: მარიუპოლი, იზიუმი და პოპასნაია, სადაც უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი 25 ათასს აღემატება.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG