Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაკმუსის ტესტი ევროპელობაზე - რას ცვლის ქვიარებისთვის ევროკავშირთან დაახლოება?


ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმა "თბილისი პრაიდის" ოფისზე, 2021 წლის 5 ივლისი
ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმა "თბილისი პრაიდის" ოფისზე, 2021 წლის 5 ივლისი

თავის კითხვარში ევროკავშირმა რამდენჯერმე, სხვადასხვანაირად ჰკითხა საქართველოს, როგორ იცავს კანონებით ლგბტქი ადამიანების უფლებებს. ქვიარ-აქტივისტებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაეხმარებათ თანასწორობისთვის ბრძოლაში და გაუმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას.

ო თ ხ მ ო ც დ ა თ ხ უ თ მ ე ტ ი პროცენტი

„ადამიანის უფლებების ჩარჩო უარყო ერთ განცხადებაში და ჩამოამხო, იმიტომ რომ არის ჰომოფობი და ლგბტ ადამიანების მიუღებლობა აქვს”, - მიპასუხა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის” თანადამფუძნებელმა, მარიამ კვარაცხელიამ, როცა ჩავეძიე, რატომ ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰომოფობია.

ვიხსენებთ შარშანდელ 5 ივლისს, როდესაც ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯერ დედაქალაქის ცენტრში ღირსების მარში ჩაშალეს, შემდეგ კი, თბილისის სხვადასხვა ადგილას 53 ჟურნალისტს სცემეს.

ერთი კვირის თავზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვიარების ღირსების მარში „პროპაგანდისტული აღლუმია”.

როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95 % არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ.
ირაკლი ღარიბაშვილი

მარიამი მეუბნება, რომ საპირისპიროს თქმა ან გაკეთება „პოლიტიკურად არამომგებიანი იქნებოდა”. ხელისუფლებამ და სხვა პოლიტიკოსებმა იციან, რომ ქვიარების უფლებების მხარდაჭერა არჩევნებზე ხმებს ვერ მოუტანთ და თანაც, უფრთხიან საპატრიარქოსა და მართლმადიდებელი მრევლის პოზიციას.

ქორწინების უფლება

„განმარტეთ, როგორაა დაცული ადგილობრივ კანონმდებლობაში ქორწინების უფლება და ოჯახის შექმნის უფლება, ერთი სქესის წყვილებისთვის ღია პარტნიორობების ჩათვლით” - ეს არის კითხვა #198 ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილიდან.

„ამაზე რას უპასუხებენ? ვერაფერს”, - მეუბნება მარიამ კვარაცხელია.

დოკუმენტში კიდევ რამდენიმე კითხვაა, რაზეც ხელისუფლებას პასუხი არ ექნება. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივად არ უღიარებია გენდერის ცნება.

„რვა წელი ვითხოვთ, რვა წელი, - ორჯერ მიმეორებს მარიამი, - მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში არ არსებობს ერთი დოკუმენტიც კი, რომელიც ტრანსჯანდაცვაზე იქნებოდა”.

ხელისუფლებამ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ზოგი ვალდებულება. მაგალითად, 2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონით, დასჯადი გახდა ადამიანების დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნით. ეკლესიის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დოკუმენტში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობაც ჩაიწერა.

სახელმწიფომ ვალდებულება კი აიღო, მაგრამ ვერ შეასრულა, - ამბობს მარიამი.

ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები ხშირად ისევ არ არიან დაცულები დისკრიმინაციისგან სამსახურში, ან სამედიცინო მომსახურების მიღებისას.

ევროკომისიის კითხვები მარიამისა და სხვა აქტვივისტებისთვის ახლა დამატებითი შესაძლებლობაა, გააძლიერონ ზეწოლა ხელისუფლებაზე და შეახსენონ, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებელია.

„კარგი იქნებოდა, ევროკავშირის და დასავლეთის მოთხოვნები არ მჭირდებოდეს იმისთვის, რომ ჩემი სახელმწიფო მაღიარებდეს, მიცავდეს და მხარს მიჭერდეს. იძულებულები ვართ, რომ იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს ჩვენი ცხოვრება, ჩამოვეკიდოთ ასეთ მექანიზმებს”, - ამბობს იგი.

ლაკმუსის ტესტი

კი, ყველა ქვეყანაში უნიკალური მოცემულობაა, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირთან, თითქმის ყველა ქვეყანას ეხმარებოდა ლგბტქი უფლებების უკეთ დაცვაში.

ასეთ დასკვნამდე მიდის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე მუშაობენ.

ბალკანეთის ქვეყნებში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მკვლევარი ნიკოლინა კლომანი წერს, რომ, მაგალითად, ხორვატიისთვის ლგბტქი უფლებები გახდა ლაკმუსის ტესტი ევროპელობაზე. ქვეყანამ რეფორმები ისე ყოჩაღად ჩაატარა, რომ ევროკავშირის ზოგ ძველ წევრსაც აჯობა. 2013 წლის 1 ივლისს კი ევროკავშირის წევრი გახდა.

იქიდან ზუსტად 5 თვეში, კონსერვატორების ინიციატივით, გაიმართა რეფერენდუმი და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქორწინება „მამაკაცისა და ქალის ერთობაა”. 2014 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის წყალობითაც, ერთი სქესის პარტნიორებს შეეძლოთ საკუთარი ურთიერთობის დარეგისტრირება. ახლა ისინი იღებენ ყველა იმ უფლებასა და სარგებელს, რაც ერგებათ დაქორწინებულ წყვილებს.

ევროპაში რა ხდება?

ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმაზე, ქორწინების უფლება საყოველთაოა თუ არა. და არც იმაზე, უნდა ჰქონდეთ თუ არა ერთი სქესის პარტნიორებს იგივე უფლებები, რაც დაქორწინებულ ჰეტეროსექუალებს აქვთ.

ბულგარეთის, უნგრეთისა და ლიეტუვის მსგავსად, 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც ჩაიწერა, რომ ქორწინება „კაცისა და ქალის ერთობაა”. ვენეციის კომისიამ, ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ეს ცვლილება ნეგატიურად შეაფასა.

„საქართველო, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, ვალდებულია, გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები დამ შესაბამისად, უნდა სამართლებრივად აღიაროს სამოქალაქო კავშირები, ან რეგისტრირებული პარტნიორობა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის“, - ნათქვამი იყო შეფასების დოკუმენტში.

მარიამ კვარაცხელიას არ სჭირდება სახელმწიფოს თანხმობა იმისთვის, რომ საკუთარ პარტნიორს „ოჯახი” უწოდოს. მისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში „უფლებრივი თანასწორობა აღიარებული და დაცული იყოს”.

გამოხატვა დახურულ კარს მიღმა

17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გაიხსენა, რომ ქვიარები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას „ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ“.

იმავე დღეს „თბილისი პრაიდმა” ქვიარების პრობლემებზე დისკუსია დახურულ კარს მიღმა გამართა. ამ დროს რუსთაველის გამზირზე შეკრებილები „ოჯახის სიწმინდის დღეს” აღნიშნავდნენ. ეს დღესასწაული საპატრიარქომ 2013 წელს შემოიღო. იმ 17 მაისს, დამრბევებს წინ სასულიერო პირები მიუძღოდნენ.

ქვიარ აქტივისტს, ბექა გაბადაძეს შფოთვაში გატარებული არაერთი 17 მაისი ახსენდება. თანაც, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის მოახლოებასთან ერთად მატულობდა ძალადობის შემთხვევები ქვიარების წინააღმდეგ.

2017 წელს თბილისში, კანცელარიის გვერდით ცხოვრობდა და საჩვიდმეტმაისო აქციის ორგანიზებაში მონაწილეობდა. მაშინ საპროტესტო აქცია კანცელარიის წინ, კონტრდემონსტრაციის ფონზე გაიმართა.

„სადღაც მთებში წაგვიყვანეს, წამოგვიყვანეს, მერე პოლიციის კორიდორები, პოლიციელები ამავდროულად ძალიან მძიმე კომენტარებს აკეთებდნენ … ძალიან ფრუსტრირებულად ვიგრძენი თავი, ეს სპეცოპერაცია რომ გახდა საჭირო”, - იხსენებს ბექა.

კანადიდატის სტატუსის მიღების მასაც ეიმედება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მან უნდა დაუახლოოს საქართველოს სოციალური პოლიტიკა ევროკავშირისას. მაგალითად, დაეხმაროს ქვიარებსაც და დანარჩენ მოქალაქეებსაც ღირსეული ჯანდაცვის და საცხოვრისის მიღებაში.

„ერთი წლის თავზე არ იქნება ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც [დააკმაყოფილებს] ყველა საჭიროებას, არასპეციფიურსაც და სპეციფიურსაც ქვიარ ჯგუფის გათვალისწინებით… მაგრამ იქნება მეტი შესაძლებლობები”, - ამბობს იგი.

***

საქართველომ 4 მარტს განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და მაისის დასაწყისში დაუბრუნა ევროკომისიას კითხვარის მეორე ნაწილი. თვითონ კითხვარისგან განსხვავებით, პასუხების გასაჯაროებას ხელისუფლება არ აპირებს. 30 არასამთავრობო ორგანიზაცია უკმაყოფილო იყო იმით, რომ ხელისუფლებამ არ ჩართო სამოქალაქო სექტორი კითხვარის შევსებაში. ევროკომისია ივნისის ბოლოს იტყვის, როგორ შეაფასა საქართველოს პასუხები.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG