Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტებმა 1923 წელს დახვრეტილი პირების მოსაგონრად პერფორმანსი მოაწყვეს


საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ 1923 წელს დახვრეტილი ოფიცრების მემორიალთან პერფორმანსი მოაწყო. წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები, რომლებიც საქართველოს გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ, კომუნისტურმა ხელისუფლებამ ვაკის პარკში დახვრიტა.

აქტივისტებმა დაღუპულთა ფოტოსურათები მემორიალთან მიიტანეს და გზის პირას მიამაგრეს, რათა გამვლელებს მათი დათვალიერებისა და ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონოდათ.

1923 წელს დახვრეტილთა მემორიალი
1923 წელს დახვრეტილთა მემორიალი

წინააღმდეგობის მოძრაობები საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შეიქმნა. ისინი ჯერ კიდევ ცდილობდნენ, ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა დაებრუნებინათ. მათ შორის იყო ქართველი ოფიცრებისგან დაკომპლექტებულისამხედრო ცენტრი“, რომელიც სახალხო აჯანყების, მათ შორის, მთიულეთის აჯანყების გეგმაზე მუშაობდა. „სამხედრო ცენტრს“ სურდა, წითელი არმიის ნაწილები მთიულეთში შეეტყუებინა, სადაც მათ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მებრძოლები შეუტევდნენ.

„ცენტრის“ წევრები დააპატიმრეს და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1923 წლის 20 მაისს თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

ეს ძალიან დიდი ტრავმა იყო მაშინდელი საზოგადოებისთვის, რადგან ესენი იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, გენერლები... ანუ ელიტა“, - ამბობს „სოვლაბის“ წარმომადგენელი ირაკლი ხვადაგიანი.

1923 წლის 20 მაისს წითელმა არმიამ 15 ადამიანი დახვრიტა: გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალ-მაიორი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, გენერალი კონსტანტინე აფხაზი, უმცროსი ოფიცერი ნიკოლოზ ზანდუკელი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე, ოფიცერი ივანე ქუთათელაძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი.

XS
SM
MD
LG