Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი: "დღეს მოქალაქე არ იჩაგრება, მას შეუძლია იპოვოს სამართალი სასამართლოში"


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე ეკონომიკის თავისუფლების მიმართულებით და ქვეყანას „სრული პროგრესი აქვს ბოლო 8 წლის განმავლობაში. სასამართლო კი თავისუფალია გავლენებისგან.

სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი ღარიბაშვილა მას შემდეგ დაიწყო, რას ჟურნალისტმა ჰკითხა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე. იგი "ფორმულას" ინფორმაციით, აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

„ყველაზე ნათელი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი მართლმსაჯულება არსებობს ქვეყანაში არის იმ საჩივრების რაოდენობა, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იგზავნება. წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, სააკაშვილის დროს, დღეს რომ სასამართლოს გაკრიტიკებას ბედავენ, იყო 3000-4000, იყო შემთხვევები, როდესაც 5000 განცხადება შესულა სტრასბურგში. ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ. კარგად ვიცით, რომ დღეს მოქალაქე არ იჩაგრება, მას შეუძლია იპოვოს სამართალი სასამართლოში.

320 მოსამართლიდან 300-მა მოსამართლემ რამდენიმე კვირის თუ თვის წინ ერთობლივად მიღეს კოლექტიური განცხადება და დააფიქსირეს აზრი, რომ ისინი ემიჯნებიან ამ ცილისმწამებლურ, ყოველგვარ ზღვარგადასულ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ.

სულ რაღაც 17 თუ 18 მოსამართლე არ ეთანხმება 300 მოსამართლის მოსაზრებას, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. როგორ წარმოგიდგენიათ, 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, პროკურატურა მართავს? ეს არის აბსურდი! "

პრემიერ მინისტრი ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დროს სამართლის პოვნა იყო წარმოუდგენელი. დღეს კი დემოკრატია, სიტყვის თავისუფლებაა, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, არის სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების და მედიის წინაშე.

სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ და კონკრეტულას გვარამიასთვის შეფარდებულ პატიმრობას უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

თავის მხრივ, აშშ-ის საელჩომ ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად".

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეის შემთხვევა შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი გამოხატულება ამერიკის მთავრობის მხრიდან შეცვლილი გარკვეული პოლიტიკის, ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, რომელთა გამოტანილ განაჩენებზეც კითხვის ნიშნები არსებობს.

„წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, დამფინანსებელი ქართული მართლმსაჯულების. მათ ბევრი რამ აქვთ გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოში შექმნილიყო და შეიქმნას დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორი კრიტიკული განცხადება გააკეთა საელჩომ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით და ზოგადად, როგორ კრიტიკულად აფასებენ ისინი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დონეს ქვეყანაში, მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. შესაძლებელია ეს მოხდეს არა ზოგადად სისტემის მიმართ, არამედ, ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, რომელთა გადაწყვეტილებების მიმართ არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი კანონიერებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა, თუ დადასტურდა და როგორც ჩანს, სიმართლეა, არის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება ამერიკის მთავრობის მხრიდან შეცვლილი გარკვეული პოლიტიკის", - განაცხადა ლომჯარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG