Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები გააპროტესტეს


„შენი სიჩუმე კლავს“ - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. 22 მაისი, 2022 წ.
„შენი სიჩუმე კლავს“ - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. 22 მაისი, 2022 წ.

„შენი სიჩუმე კლავს“ - ამ სახელწოდებით ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომელშიც მოქალაქეებმა ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები დაგმეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, განსაკუთრებით შემზარავი იყო 21 მაისს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი შემთხვევა, როცა ახალგაზრდა ზუგდიდელი ქალი ქმარმა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სასიკვდილოდ დაჭრა ყელის არეში.

აქცია მდუმარე იყო. შეკრებილებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „შენი სიჩუმე კლავს“, „არ დახუჭო თვალი“, "არ გაწირო, არ გაჩუმდე“, „არ მომიკლა დედა“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ორგანიზაცია „გვირილის“ წარმომადგენლის, ეთო ალმასიას განცხადებით, საქართველოში ფემიციდის მაღალი მაჩვენებელია, რისი ერთ-ერთი მიზეზი ძალადობის შემთხვევების მიმართ საზოგადოებრივი გულგრილობაა. მისი თქმით, არავინ უნდა გაჩუმდეს, ვისაც ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია აქვს, რათა მათზე დროულად მოხდეს სამართლებრივი რეაგირება.

ეთო ალმასიას თქმით, საზოგადოების სიჩუმის სიმბოლოდ აირჩიეს დღეს მდუმარე აქციის ფორმა. გარდა ამისა, შეკრებილებს, ჭრილობის იმიტაციის მიზნით, ყელი წითლად ჰქონდათ შეღებილი.

„ვხედავთ საზოგადოების მხრიდან გულგრილობას და ჯაჭვური რეაქციით მივედით იმ შედეგამდე, რასაც სოფოს [ქალი, რომელიც 21 მაისს მოკლეს] სიცოცხლის დასრულება ჰქვია“, - თქვა ეთო ალმასიამ.

ქალთა ძალადობის და ფემიციდის წინააღმდეგ მიმართული აქცია თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა. შეკრების ორგანიზატორები არიან "საქართველოს შემეცნებითი ცენტრი", ქალთა ასოციაცია "გვირილა" და "ფემინა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. პოლიციამ ბრალდებული ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული კი 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მოხდა.

XS
SM
MD
LG