ჟენევაში, გაეროში, რუსეთის მუდმივი მისიის თანამშრომელმა ბორის ბონდარევმა უკრაინასთან ომი გააპროტესტა და თანამდებობა დატოვა. დიპლომატიური სამსახურის დროს, როგორც ბონდარევი წერს, მას ასე არასდროს შერცხვენია თავისი ქვეყნისა და მოღვაწეობის გამო. ბონდარევის გადადგომის შესახებ განცხადება ტვიტერში იურისტმა, უფლებადამცველმა და UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილელ ნეიერმა, გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი ეს ცნობა თავად ბონდარევმაც დაადასტურა.
"პუტინის მიერ უკრაინასთან და, ფაქტობრივად, მთელ დასავლურ სამყაროსთან გაჩაღებული აგრესიული ომი, არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულია, არამედ, ალბათ, ყველაზე სერიოზული დანაშაულია რუსეთის ხალხის წინააღმდეგ", - დაწერა ბონდარევმა თავის გვერდზე LinkedIn-ის სოციალურ ქსელში.
ბონდარევს, ჟენევაში გაეროს ოფისის ვებგვერდის თანახმად, მუდმივი მისიის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. იგი დიპლომატიურ სამსახურში 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. "სამწუხაროდ, მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაში სიცრუისა და არაპროფესიონალიზმის დონე მუდმივად იზრდება", - განაცხადა დიპლომატმა.
ბონდარევის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიით აღარ არის დაკავებული, არამედ თესავს სიცრუეს და აღვივებს ომს. "რუსეთს მოკავშირეები აღარ დარჩა", - აღნიშნა დიპლომატმა, რომელმაც ეს ვითარება მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით ახსნა. მისივე თქმით, კარიერის გაგრძელება სურს, თუმცა მიიჩნევს, რომ ახლა საჯარო სამსახურში დარჩენა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.
ბონდარევი, ალბათ, პირველი რუსი კარიერული დიპლომატია, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა გადადგომის შესახებ, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამშრომლის ამ ნაბიჯზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.