Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იაფი მუშახელი“ - რატომ მიჰყავთ უკრაინელები რუსეთში


უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისრის ლუდმილა დენისოვას მონაცემებით, 21 მაისის მდგომარეობით, რუსეთმა თავის ტერიტორიაზე 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელი გაიყვანა, მათგან 232 ათასი ბავშვია. დენისოვა ამას იძულებით დეპორტაციას უწოდებს.

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უკეთებს მარიუპოლელებს „ევაკუაციას“ რუსეთის მთავრობა. ის ამბობს, რომ ხალხს ავტობუსებში ძალით სხამენ და მხოლოდ ჩასხდომის შემდეგ ეუბნებიან, რომ საფილტრაციო ბანაკებში მიჰყავთ, ნოვოაზოვის რაიონის სოფელ ბეზიმიანოეში, შემდეგ კი რუსეთში. მისი სიტყვებით, ვიდეოში ჩანს, რომ ავტობუსი და ხალხი რუსი ავტომატიანი ჯარისკაცებით არიან გარშემორტყმული. ხალხი აშკარად შეშინებულია.

„ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში მერის მრჩეველი ჰყვება, რომ რაც შეეხება მის ქალაქს, რუს ჯარისკაცებს, როგორც ჩანს, არ სურთ, ქალაქში მოსახლეობა იყოს.

„მეორე მხრივ, რუსეთში უამრავი რეგიონია დემოგრაფიული და ეკონომიკური კრიზისით. მოსკოვსა და პიტერში არავინ მიჰყავთ. აგზავნიან შორეულ აღმოსავლეთში, ასტრახანში, პენზაში, კურსკში, სადაც ცხოვრება ჭირს. გამოდის, რომ იაფი მუშახელი მიჰყავთ და დემოგრაფიული სურათის აღდგენას ასე ცდილობენ“, - ამბობს ის.

- მარიუპოლს ახლა რუსეთის ჯარი აკონტროლებს, ბრძოლები აღარაა. ხალხი რატომღა გაჰყავთ?

- ბრძოლები რომ არაა, ეს არ ნიშნავს, რომ ნორმალური ცხოვრება შეიძლება. გარდა ამისა, მარიუპოლი ოკუპაციას ძალიან მტრულად შეხვდა. ბევრია, ვისაც უნდა, რომ ოკუპირებული ქალაქი დატოვოს, მინიმუმ 10 ათასი.

რუსებს რატომ გაჰყავთ ისინი, ესეც გასაგებია. რა მომავალი უნდა ჰქონდეს ქალაქს? რაში სჭირდებათ? მათ არ სჭირდებათ მოახლეობის ეს რაოდენობა ქალაქში.

- და შემდეგ რუსეთიდან წასვლა შეუძლიათ?

- მიდიან. მაგრამ ეს ხომ არ არის თავისუფალი გადაადგილება, რომ ადგე და წახვიდე. მთელი რიგი საკითხებია. მადლობა ნორმალურ რუსებს, რომლებიც დარჩნენ და მარიუპოლელებს ეხმარებიან. ისინი ცოტანი არიან, მაგრამ არიან. მაგრამ ძლიერი ხასიათი უნდა გქონდეს, რომ გაიქცე.

პიოტრ ანდრუშჩენკო
პიოტრ ანდრუშჩენკო

- თქვენი ინფორმაციით, არიან ისეთებიც, ვინც რუსეთში თავისი ნებით მიდის. რამდენია ასეთი?

- ბევრი არა. ძნელი დასათვლელია, მაგრამ არიან, ისევე როგორც არიან კოლაბორანტები. მაგრამ იმ უკრაინელების მთლიანი რაოდენობიდან, რომლებიც რუსეთში მოხვდნენ, მათი წილი 10 პროცენტი თუ იქნება. ეს არ არის განმსაზღვრელი ფაქტორი. მაგრამ, როგორც წესი, ეს ხალხი რუსეთში ცოტა სხვა გზით ხვდება, ძირითადად ყირიმის გავლით. ეს ჩვენ 2014 წელს გავიარეთ, ვიცით, რითაც მთავრდება, მაინც შორეულ აღმოსავლეთში აღმოჩნდებიან, მაგრამ დაე, ჯერ გაიხარონ.

[რუსი ოკუპანტები] გაუშვებენ წყალს, დატბორავენ ქალაქს, მერე ცდილობენ გამოასწორონ, გამოთიშავენ, ისევ ჩართავენ, ისევ დატბორავენ. შეაერთებენ ელექტროენერგიას, გაჩნდება ხანძარი,  გამორთავენ, ჩააქრობენ, ისევ შეაერთებენ...
პიოტრ ანდრუშჩენკო

სტატისტიკა პირდაპირი რამაა. 100 პროცენტი იმ ხალხისა, რომლებმაც ისურვეს რუსეთში გადასულიყვნენ, პირველივე წელს, როდესაც რუსული კანონებით დაბრუნება შესაძლებელი გახდება, 70 პროცენტი დაბრუნდება.

- მათ, ვინც ახლა რუსეთში გაჰყავთ, ჯერ ხომ საფილტრაციო ბანაკი უნდა გაიარონ?

- აუცილებლად. უმრავლესობისთვის ასეა. ვიღაცებს უკვე აქვთ ცნობები ფილტრაციის.

- ეს როგორ ხდება?

- ეს სამსაფეხურიანი პროცედურაა. პირველ რიგში მათ კითხავენ უშიშროების თანამშრომლები (ლსრ-ისა და დსრ-ის სპეცსამსახურები). ეკითხებიან მათი დამოკიდებულების შესახებ რუსეთისადმი, უკრაინისადმი, საქმიანობის შესახებ, რატომ, რისთვის და ასე შემდეგ.

შემდეგ ათვალიერებენ პირად ნივთებს, ძირითადად გაჯეტებს: პირადი გზავნილები, ზარები... შემდეგ ათვალიერებენ სხეულს, გაქვს თუ არა ჩალურჯებები, ტატუები ან რამე ისეთი, რის გამოც შეიძლება ნაციონალურ ბატალიონს მიეკუთვნებოდე, რამე ისეთი, რაც მიუთითებდა, რომ იბრძოდი ან რითიმე ეხმარებოდი უკრაინის ჯარს. აუცილებლად იღებენ თითის ანაბეჭდებს. მხოლოდ ამის შემდეგ გაძლევენ ცნობას, რომ ფილტრაცია გავლილია.

- და თუ ვერ გაიარე?

მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ციხეში. ერთი ციხე ელენოვკაშია. ეს არის ყოფილი კოლონია. ომამდე იქ არავინ იყო, მაგრამ ახლა მარიუპოლელებითაა სავსე. ჩვენი ანგარიშით, იქ ახლა 4-6 ათასი მარიუპოლელია. არადა, მხოლოდ 1150 ადამიანზეა გათვლილი.

ეს უკვე ბანაკი არაა. ეს ნამდვილი ციხეა, სადაც აწამებენ, საპირფარეშოში დღეში ერთხელ უშვებენ, სურსათი არა აქვთ. 20-50 კაცს ერთ ბოთლ წყალს აძლევენ.

მეორე ციხე სადღაც დონეცკშია, დღემდე ვცდილობთ გავიგოთ, სად.

- რა დროის განმავლობაში შეიძლება მარიუპოლი ხელახლა აშენდეს? იმ შემთხვევაში, თუ საოკუპაციო ძალები მოინდომებენ ქალაქის აშენებას საჩვენებლად, რომ აი, მოვედით და წესრიგი დავამყარეთ.

- დეოკუპაციის შემდეგ მარიუპოლს ორი წელი დასჭირდება, რომ ინფრასტრუქტურა აღდგეს, კიდევ სამი - საცხოვრებელი ნაწილის აღსადგენად. შესაძლებელია თუ არა, რომ ქალაქი ოკუპანტებმა აღადგინონ? არა. მათ, ჯერ ერთი, არა აქვთ ხუთი წელი, ჩვენ ქალაქს გაცილებით ადრე გავათავისუფლებთ, ეს უეჭველია.

თან, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, როცა ცდილობენ, რომ ქალაქი გამოაცოცხლონ... მაიმუნი ყუმბარით. გაუშვებენ წყალს, დატბორავენ ქალაქს, მერე ცდილობენ გამოასწორონ, გამოთიშავენ, ისევ ჩართავენ, ისევ დატბორავენ. შეაერთებენ ელექტროენერგიას, გაჩნდება ხანძარი, გამორთავენ, ჩააქრობენ, ისევ შეაერთებენ...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG