Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი დავოსის ფორუმზე: აგრესიის წინააღმდეგ ზომები უნდა იყოს წინმსწრები და არა საპასუხო


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რაც გაფრთხილება უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, რომ მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან, თუკი აგრესიას მიმართავენ საკუთარი მიზნების მისაღწევად.

საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, ზელენსკიმ მსოფლიო ბიზნესის ყველაზე გავლენიან ლიდერებს უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მსგავსი ინტერვენციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია „წინმსწრები და არა საპასუხო ზომები“.

„თქვენი და თქვენი ქვეყნების მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გაერთიანებული ხართ უკრაინის დასახმარებლად და რუსეთის დასასჯელად ომისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოიწყო. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ ახლა კეთდება, მაშინ, როცა რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი აგრესიის შესახებ 2014 წლიდან ვლაპარაკობთ. მსოფლიოს მოქმედებები წინმსწრები რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა ომის თავიდან აიცლება“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო შემოტრიალების წერტილში იმყოფება რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით და თუკი არასაკმარისი სიმტკიცით ვიმოქმედებთ, გამოვა, რომ საერთაშორისო კომპანიები „რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ნაწილი იქნებიან“.

„სანქციები უნდა იყოს მაქსიმალური, სწორედ ასეთი უნდა იყოს ისინი, რათა რუსეთს და ყველა პოტენციურ აგრესორს, რომელსაც სურს სასტიკი ომი წამოიწყოს თავისი მეზობლის წინააღმდეგ, მკაფიოდ ესმოდეს, რა შედეგები მოელით მათი ქმედებების საპასუხოდ“, - თქვა ზელენსკიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG