Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს


თელავის რაიონული სასამართლო

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა სოფელ აკურაში 21 მაისს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. მანამდე ბრალდების მხარემ კაცს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და შესაბამისი დადგენილება სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს გააცნო. ადვოკატმა მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადა.

სოფელ აკურაში მცხოვრებ კაცს ბრალად ედება 21 მაისს 45 წლის კაცის მკვლელობა. ბრალის დადგენილების თანახმად, ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ერთი პირი, დაჭრა მოკლულის ძმა და დედა, ასევე შემთხვევით საკუთარი შვილიც. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ის მიმალვაშია.

მოკლული კაცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ჯართის ქურდობა გახდა.

"ჩემი შვილი წლების განმავლობაში ჯართის ბიზნესში იყო. ადრეც შეუნიშნავს, რომ მკვლელობაში ბრალდებული დროდადრო მას ჯართს ჰპარავდა. ასე მოხდა ახლაც. ჩემმა შვილმა მას მოპარული ჯართი სახლში უპოვა და აქედან დაიწყო ჩხუბი, რომელიც ასე დასრულდა“, - განაცხადა მოკლულის დედამ ეთერ გოგიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG